ანა ნაცვლიშვილი – თვისობრივად ახალი სამართლებრივი განაცხადი გაკეთდა ბრიტანეთის მხრიდან – დასანქცირებულთა შორის არიან თანამდებობის პირები, ვინც არა აქტიური მოქმედებებისთვის დასანქცირდნენ, არამედ უმოქმედობისთვის

დღეს ვნახეთ, რომ თვისობრივად ახალი სამართლებრივი განაცხადი გაკეთდა ბრიტანეთის მხრიდან – იმიტომ, რომ დასანქცირებულთა შორის არიან თანამდებობის პირები, ვინც არა აქტიური მოქმედებებისთვის დასანქცირდნენ, არამედ უმოქმედობისთვის , – ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ ოთხი ქართველი ოფიციალური პირის მიმართ სანქციების დაწესებას.
როგორც ნაცვლიშვილი თავის განცხადებაში აღნიშნავს, “მე ხალხი არ დამირბევია და შესაბამისად – არაფერი დამიშავებია” აღარ მუშაობს.
„რატომ არის უმნიშვნელოვანესი დღეს დაწესებული 4 ახალი სანქცია ბრიტანეთის მხრიდან? იმიტომ, რომ დასანქცირებულთა შორის არიან თანამდებობის პირები, ვინც არა აქტიური მოქმედებებისთვის დასანქცირდნენ, არამედ უმოქმედობისთვის, როდესაც მათი თანამდებობრივი მდგომარეობა და კანონი მათ მოქმედებას ავალდებულებდა.
აქამდე ჩვენ ძირითდად იმათი დასანქცირების მოწმეები ვიყავით, ვინც უშუალოდ გასცა ადამიანის უფლებების დარღვევის ბრძანება და/ან ხელმძღვანელობდა მის აღსრულებას. დღეს ვნახეთ, რომ თვისობრივად ახალი სამართლებრივი განაცხადი გაკეთდა ბრიტანეთის მხრიდან, ზუსტად ისეთი, როგორსაც ითხოვს ადამიანის უფლებათა სამართალი:
მარტო იმ შემთხვევაში კი არ დასანქცირდებით, როდესაც ხალხს არბევთ და სცემთ, არამედ მაშინაც, როდესაც გევალებათ სხვების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და არ იძიებთ! ამიტომ, “მე ხალხი არ დამირბევია და შესაბამისად – არაფერი დამიშავებია” აღარ მუშაობს.
ამ დასანქცირებულებს რაღა ეშველებათ და სხვა პირებმა გაითვალისწინოთ, სჯობს, სამსახურებრივი მოვალეობის არშესრულებისთვისაც დაისჯებით“,- წერს ნაცვლიშვილი თავის „ფესიბუქ“ პოსტში.