„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრი, გურამ მაჭარაშვილი კომისიას სთავაზობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ , როგორც პოლიტიკური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელი თვითმმართველობის არჩევნებამდე შეიტანონ.
მისი თქმით, თუ კომისია მუშაობას მოთხოვნილ ვადაში, ერთ თვეში დაასრულებს, გაიზრდება იმის შანსი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ პარტიას, რაც შეიძლება ადრე შეეზღუდოს პოლიტიკური მოღვაწეობა.
როგორც მაჭარაშვილმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, „ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტებს“ დაანონსებული აქვთ, რომ მონაწილეობას არ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა არ იციან, „რას უკარნახებს პატრონი უცხოეთიდან“.
„რეალურად, საზოგადოება ხედავს იმაზე მეტ მტკიცებულებას, ვიდრე შეიძლება საჭირო იყოს იმისთვის, რომ ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა, არ არსებობდეს. თავად ის ფაქტიც, რომ 2012 წლის შემდეგ დღემდე პერიოდიც უკვე დაგვემატა კომისიას, როგორც ფუნქცია, არის კარგი იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოება დაინახავს, „ნაცმოძრაობის“ არასწორ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს არა მხოლოდ 2012 წლამდე, არამედ 2012 წლის შემდგომაც. ასეთი არაერთი მტკიცებულებაა საჯარო და ამ თვალსაზრისით, ეს კარგია, თუმცა მეორე მხარეა და ამასთან დაკავშირებით მექნება შეკითხვა: ჩვენ ვიცით, რომ პროცედურულად რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტი საგაზაფხულო სესიას ივნისის ბოლო პარასკევს ამთავრებს. შესაბამისად, კომისიის მუშაობა თუ გაგრძელდება 5 ივნისამდე ეს კარგია, ნამდვილად მოცულობითია ეს სამუშაო, მით უმეტეს, რაც დაგვემატა. თუმცა ამ კომისიის მიზანი ვიცით, რომ არის დასკვნა, რომლის საფუძველზეც ასევე მიზანი გვაქვს, რომ შესაბამის უწყებაში, საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანოთ [სარჩელი], რომ პოლიტიკური პარტია, როგორც ასეთი, აღარ არსებობდეს „ნაცმოძრაობა“. ვიცით, რომ ამას თავისი პროცედურებიც ახლავს. აქედან გამომდინარე, ეს ერთგვარად ხელს ხომ არ შეუწყობს იმას, რომ პროცესი რაღაცნაირად გაიწელოს. ამ შემთხვევაში, „ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტებს კი აქვთ დაანონსებული, რომ მონაწილეობას არ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რას უკარნახებთ პატრონი უცხოეთიდან. უბრალოდ, ეს კითხვა მაქვს, თუ შევძლებთ, რომ ერთ თვეში, რასაც გავაგრძელებთ, ჩავეტიოთ. ამ შემთხვევაში შანსში კიდევ გაიზრდება იმისა, რომ არჩევნებამდე შევძლოთ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა. ამ შემთხვევაში, კიდევ იქნება იმის შანსი, რომ ამ პოლიტიკურ პარტიას, რაც შეიძლება ადრე შეეზღუდოს პოლიტიკური მოღვაწეობა“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის თაობაზე გურამ მაჭარაშვილის პოზიციას იზიარებენ კომისიის წევრებიც.
