საფონდო ბირჟებმა ზრდით უპასუხეს ტრამპის ტარიფების დროებით შეჩერებას

საფონდო ბირჟებზე აქციების ფასის ზრდა გამოიწვია -ის გადაწყვეტილებამ, სამი თვით გადაავადოს მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის წინააღმდეგ გაზრდილი ტარიფების ამოქმედება.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 აპრილს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს 75-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკებების თხოვნით, ამიტომ 90-დღიან პაუზას აწესებს და ამ პერიოდში მინიმალური, 10%-იანი საბაზისო ტარიფი იმოქმედებს.
ამ გადაწყვეტილებამ ძირითადი ინდექსების ზრდა გამოიწვია ამერიკის და აზიის საფონდო ბირჟებზე, რომლებიც აპრილის დასაწყისიდან, ტრამპის მიერ ახალი ტარიფების გამოცხადების შემდეგ ვარდნას განიცდიდნენ.
9 აპრილს აშშ-ის ბირჟებზე ვაჭრობა 7-12%-იანი ზრდით დასრულდა. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე მატება 7,04% იყო. ინდექსი Nasdaq-ი, რომელიც მაღალი ტექნოლოგიების კომპანიების აქციათა მდგომარეობას ასახავს, 12,16%-ით გაიზარდა, სამრეწველო სექტორის ინდექსი Dow Jones – 7,87%-ით, ხოლო S&P 500 – 9,52%-ით.
როგორც ტელეკომპანია CNN-ი აღნიშნავს, S&P 500-ს მსგავსი ზრდა არ ჰქონია 2008 წლის ოქტომბრიდან, ხოლო Nasdaq-ს – 2001 წლის იანვრიდან.
დღეს, 10 აპრილს ვაჭრობა ზრდით დაიწყო აზიის საფონდო ბირჟებზეც. ტოკიოს ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებისას 8,92%-ით გაიზარდა ინდექსი Nikkei, რომელიც იაპონიის 225 წამყვანი კომპანიის აქციათა კურსის მერყეობას ასახავს. 5%-იანი მატება ჰქონდა სამხრეთ კორეის ინდექსს Kospi. 9,25%-ით მოიმატა ტაივანის საფონდო ინდექსმა Taiex-მა.
ვაჭრობა აქციების კურსის ზრდით დაიწყო ავსტრალიის საფონდო ბირჟაზეც, სადაც 4,6%-ით მომატა ინდექსმა ASX 200.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ახალი ტარიფის მოქმედება არ შეუჩერა ჩინეთს და პირიქით, გაზარდა კიდეც, დღევანდელი ვაჭრობა 1,3%-იანი ზრდით დაიწყო შანხაის ბირჟაზეც.
ფორუმი