საქართველო-სომხეთის მატჩზე დაპირისპირების გამო, შემდეგი მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა უეფას გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 23 მარტს, საქართველო – სომხეთის მატჩის მიმდინარეობისას და თამაშის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტების გამო, ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს.
ასევე, ეუფას კონტროლის, ეთიკისა და სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სასჯელი არ ეხება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებსა და ფიფას საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს.
“უეფას კონტროლის, ეთიკისა და სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 9 აპრილს, ნიონში შედგა, 23 მარტს, საქართველო – სომხეთის მატჩის მიმდინარეობისას და თამაშის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტების შესახებ იმსჯელეს.
უეფას გადაწყვეტილებით, გულშემატკივართა მხრიდან მოედანზე შევარდნის, ლაზერული სანათებისა და პიროტექნიკის გამოყენებისთვის, აგრეთვე გასასვლელების ბლოკირებისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევების განმეორების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს კვლავ უმაყურებლოდ ითამაშებს.
“აღნიშნული სასჯელი ეხება იმ გათამაშებებს, რომელზეც უეფას სადისციპლინო კომპეტენცია ვრცელდება. შესაბამისად, სასჯელი არ ვრცელდება ამხანაგურ მატჩებსა და 2025 წლის შემოდგომაზე გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს.
უეფას გადაწყვეტილება ასევე მოიცავს ორწლიან გამოსაცდელ ვადას. ორი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევების განმეორების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს კვლავ უმაყურებლოდ ითამაშებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.