ლევან მაჭავარიანი: მე იქ წივილ-კივილში არ ვგულისხმობ პოლიტპატიმრების მშობლებს, ვგულისხმობ პირდაპირ პარტიულ აქტივს….

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ თუ 9 აპრილის მემორიალთან მმართველი გუნდის წევრების მისვლა „ხელოვნურად დაძაბულობას“ გამოიწვევს, დასაფიქრებელია, ღირს თუ არა ამის გაკეთება. აქციების დროს დაკავებულების მშობლებმა განაცხადეს, რომ 8 აპრილის საღამოს შეიკრიბებიან პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალთან და ღამეს იქ გაათენებენ. 24-საათიან პროტესტს უერთდებიან სტუდენტები და აქტივისტებიც. ტრადიციულად 9 აპრილის მემორიალთან პოლიტიკოსები მიდიან ხოლმე, რათა  პატივი მიაგონ ამ დღეს დაღუპულთა ხსოვნას.

მაჭავარიანს ჟურნალისტმა ჰკითხა, „წივილ-კივილში“ გულისხმობდა თუ არა პოლიტპატიმრების მშობლებს, რაზეც მან უპასუხა, რომ იქ წივილ-კივილში  პოლიტპატიმრების მშობლებს არ გულისხმობდა.

„რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, ჩვენ გმირებს მივაგოთ პატივი, თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ თუ ეს ხელოვნურად გამოიწვევს ქუჩაში დაძაბულობას და ხელოვნურად გამოიწვევს ეს ყველაფერი პროცესების იმგვარად წარმართვას, რომ იქ ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გმირებს პატივი მივაგოთ იქ ვიღაცების წივილ-კივილი უნდა დაიწყოს. მე იქ წივილ-კივილში არ ვგულისხმობ პოლიტპატიმრების მშობლებს, ვგულისხმობ პირდაპირ პარტიულ აქტივს…. თუ იქ პროვოკაციებს ექნება მცდელობა, მაგ შემთხვევაში არ ვიცი, ნამდვილად დასაფიქრებელი იქნება, ვინაიდან ეს ჩვენი გმირებისვე შეურაცხყოფა იქნება და ამ შეურაცხყოფის არდში იდგებიან რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები“, – ამბობს მაჭავარიანი.