ევროპის საფონდო ბირჟებმა ისევ ინდექსების ვარდნით უპასუხეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს, რომლებიც ძალაში დღეიდან, 9 აპრილიდან შევიდა.
დღევანდელი ვაჭრობის დაწყებისას ინდექსი STOXX Europe 600, რომელიც ევროპის 600 უმსხვილეს კომპანიას მოიცავს, 2,95%-ით დაეცა, ხოლო გერმანული ინდექსი DAX-ი – 2,92%-ით
როგორც გერმანული მაუწყებელი DW წერს, განსაკუთრებულ დანაკარგებს განიცდიან ევროპის მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები. გერმანული Redcare Pharmacy-ს აქციები 15,10%-ით გაუფასურდა, შვეიცარიული Roche-ს და Novartis-ის 5,2 და 6,05%-ით, დანიური Novo Nordisk-ის – 4,09%-ით. პრეზიდენტი ტრამპი იმპორტირებულ ფარმაცევტულ პროდუქციაზე დამატებითი ტარიფის დაწესებას აპირებს.
შემცირდა ენერგოკომოანიების აქციების ფასიც. ინდექსი STXE 600, რომელიც ევროპის გაზის და ნავთობის კომპანიებს მოიცავს, 3,03%-ით დაეცა.
პრეზიდენტმა ტრამპმა მსოფლიოს ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება 2 აპრილს გამოაცხადა. მათ შორისაა 20%-იანი საბაჟო გადასახადი ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე. მანამდე, მარტში შეერთებულმა შტატებმა 25%-იანი გადასახადი დაუწესა ევროკავშირიდან იმპორტირებულ ფოლადს, ალუმინსა და ავტომობილებს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება მსოფლიო ეკონომიკისთვის სერიოზული დარტყმაა და საშინელი შედეგები ექნება მილიონობით ადამიანისთვის. ფონ დერ ლაიენის თანახმად, გაძვირდება პროდუქტები, მედიკამენტები და ტრანსპორტი და ინფლაციის ზრდა განსაკუთრებით მტკივნეული იქნება მოსახლეობის მოწყვლადი ფენებისთვის.
ბრიუსელს ვაშინგტონთან სავაჭრო დავის მოლაპარაკებებით მოგვარება სურს, თუმცა ამზადებს საპასუხო ტარიფებსაც, რომელთა ამოქმედებას აპრილის შუა რიცხვებიდან ეტაპობრივად აპირებს.
აშშ-ის პრეზიდენტი ტარიფებს მიიჩნევს სხვა სახელმწიფოებზე ზეწოლის, სავაჭრო ბალანსის დაცვისა და ამერიკის ეკონომიკის გაძლიერების საშუალებად. ეკონომისტების შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილებები რეცესიას და ფასების ზრდას გამოიწვევს და უარყოფითად აისახება ამერიკელებზეც.
ტრამპის გადაწყვეტილებამ აპრილის დასაწყისშიც მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია ევროპის, აზიისა და თავად ამერიკის საფონდო ბირჟებზე.
ფორუმი
