როგორ შეიძლება დაგანახოს ომი სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორები და არტისტები?
ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს დაახლოებას ევროპასთან და დანარჩენ მსოფლიოსთან, ვაერთიანებთ მოაზროვნეებსა და სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს, ვსაუბრობთ ყველაფერზე – მსოფლიოს ახალ პერსპექტივებზე, პირად ისტორიებზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, მხატვრობაზე, ფილოსოფიაზე, არქიტექტურაზე, მედიაზე, ფოტოგრაფიაზე, კინოსა თუ მედიცინაზე.
100-ზე მეტ მომხსენებელს შორის არიან ნობელიანტიეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი; ლეგენდარული ბრიტანელი ფოტოგრაფი პლატონი; The New Yorker-ის ჟურნალისტი, მწერალი და ბესტსელერი წიგნის “The Moth and the Mountain” ავტორი ედ სიზარი; წამყვანი ამერიკელი პედიატრი სემა ჯილანი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ავღანეთში, ისრაელში, ღაზას სექტორში, სუდანსა და სხვა ქვეყნებში დაზარალებულებთან; ადამ ფეიზი, მწერალი, პროდიუსერი და რეჟისორი, ავტორი მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა „How Moving” და „River Fork”; ინოვაციური და მდგრადი ურბანული დიზაინის ცნობილი ჩილელი არქიტექტორი ალეხანდრო არავენა; წელს კვლავ ვუმასპინძლებთ სატირიკოსს, აღიარებული სატელევიზიო სერიალებისა და ფილმების, „Veep“-ის და “სტალინის სიკვდილის” ავტორს არმანდო იანუჩის; ასევე უკრაინელ ფილოსოფოსს ვოლოდიმირ ერმოლენკოს და უამრავ სხვა საინტერესო სპიკერს.
სიტყვა ZEG იდეალურად ასახავს ჩვენს მისიას: აღმოვაჩინოთ და გავაზიაროთ ამბები, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დღეს, არამედ მის მიღმაც.გვჯერა, რომ საინტერესო ამბის თხრობა მოითხოვს დისციპლინებს შორის ბარიერების დამსხვრევას და სწორედ ამიტომ ვაერთიანებთ ცნობილ მწერლებს, მოაზროვნეებს, კინორეჟისორებს, ჟურნალისტებს, მეწარმეებსა და ხელოვანებს ZEG-ის გარშემო.
(R)
