საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს 7 აპრილს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე პროევროპულ აქციაზე დაკავებული სამი ადამიანი. ორი მათგანი ძალის გადამეტების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ საუბრობს.
„სახალხო დამცველის აპარატმა შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. აპარატი სხვა უფლებადარღვევებთან დაკავშირებითაც მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, – წერია ომბუდსმენის პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.
7 აპრილს, საღამოს, უწყვეტის პროტესტის 131-ე დღეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან კვლავ დააკავეს აქციის მონაწილეები.
უკვე ოთხ თვეზე მეტია, 2024 წლის 28 ნოემბრიდან, რაც ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საქართველოში პროევროპული აქციები იმართება. მოქმედი პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის ლეგიტიმაციას არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. კითხვები აქვთ პარტნიორებსაც.
ამ ოთხი თვის განმავლობაში ასობით ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ათობით კი – სისხლის სამართლის წესით. ამ დროის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ დემონსტრანტების წინააღმდეგ კანონები გაამკაცრა.
ფორუმი
