ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.
„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის” ეთერში თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია, თანმიმდევრულად მოქმედებისა და მოთმინების შემთხვევაში.
ცხინვალის ე.წ. საგარეოს საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიუღებელია ირაკლი კობახიძის მიერ გამოთქმული აზრი ურთიერთობების მოგვარებასთან დაკავშირებით.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართულ ტელეარხ „იმედთან“ ინტერვიუში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს რეალურია, თუ მოთმინება წარმართავს ჩვენს პოლიტიკასო.
აშკარაა, რომ გასული წლის შემოდგომიდან ქართული ოპოზიციის პროტესტის ფონზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემაზე სპეკულაციები იზრდება.
სამხრეთ ოსეთისთვის მიუღებელია ოფიციალური თბილისის მიერ გამოთქმული თეზისები და იდეები ურთიერთობების მოგვარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით. ცხინვალმა არაერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომელიც ეფუძნება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის არჩევანს, რაც კონსტიტუციაშია დაფიქსირებული. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე საერთაშორისო დისკუსიებში პროგრესის ნაკლებობა, ამ ტიპის განცხადებებთან ერთად, არ უწყობს ხელს რეგიონში სტაბილურობას.
სამხრეთ ოსეთი მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობას, არ აპირებს შეცვალოს მისი განვითარების ვექტორი და სურვილი გააძლიეროს ურთიერთობები მისი უსაფრთხოების გარანტთან – რუსეთის ფედერაციასთან”, – აღნიშნულია განცხადებაში.
