„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მშვიდად შეხვდება. როგორც ხაზარაძემ სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, მას და ყველა პატრიოტ ადამიანს აერთიანებთ ერთი იდეა, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და ბიძინა ივანიშვილმა არ მიიტაცოს ქვეყანა.
„დღეს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანი, რომლებიც საქართველოში დარჩნენ თუ ემიგრაციაში არიან, ერთი სული აქვთ, ეს ქვეყანა დაადგეს განვითარების გზას, ბიძინა ივანიშვილს წავართვათ მიტაცებული ქვეყანა, სასამართლო, პროკურატურა თუ ყველა უწყება. რაც ყველაზე მთავარია, წავართვათ იმის საშუალება, რომ ეს ქვეყანა რუსებს გადააბაროს. ამიტომ, აქ მამუკა ხაზარაძეზე არ არის საუბარი, საუბარია სწორედ ამ იდეაზე, ამ მიზანზე, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, მტკიცე მშვიდობით და განვითარების გზაზე დაყენებული. რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ძალიან მშვიდად შევხვდები“,-განაცხადა ხაზარაძემ. მისი თქმით, ყველა პატრიოტს და პასუხისმგებლობიან მოქალაქეს ესმის, თუ რამდენად ღირებულია თავისუფლება, დემოკრატია და დამოუკიდებლობა. მან საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „აქ შეკრებილ საზოგადოებას და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში მხარდაჭერა გამომიცხადა სხვადასხვა ფორმით, სოციალური მედია იქნებოდა თუ პირადი გზავნილი, მინდა პერსონალურად ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. ძალიან ვაფასებ ამ მხარდაჭერას, განსაკუთრებით უცნობი ადამიანებისგან“,-განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ახალ ბრალზე, რომელიც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართება.
პროცესზე ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
