World Press Photo-ს გადაწყვეტილება გვაშფოთებს და შეურაცხგვყოფს – ქართველი ფოტოჟურნალისტები

ქართველი ფოტოჟურნალისტები და დოკუმენტალისტები ეხმაურებიან World Press Photo-ს გადაწყვეტილებას, რომ 2025 წლის ჯილდო გადაეცეს ს სამთავრობო პროპაგანდისტული სააგენტო TASS-ის წარმომადგენელს — ფოტორეპორტაჟისთვის, რომელიც ასახავს ქართულ პროტესტს, დემონსტრაციებს, რომლებიც სწორედ რუსეთის გავლენებისა და ოკუპაციის წინააღმდეგ არის მიმართული.
ქართველი ფოტოჟურნალისტები და დოკუმენტალისტების განცხადებით, World Press Photo-ს გადაწყვეტილება აშფოთებთ და შეურაცხყოფთ.
„World Press Photo-ს გადაწყვეტილება, რომ კრემლის ნარატივების მომხრე ფოტოგრაფის დაჯილდოება ანტირუსული აქციების გაშუქებისთვის არა მხოლოდ სადავო და წინააღმდეგობრივია, არამედ პირდაპირი შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისა, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად ებრძვიან რუსეთის ჩარევას საქართველოს სუვერენიტეტსა და მის მომავალში.
TASS რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოა, რომელსაც დეზინფორმაციის გავრცელების მრავალწლიანი ისტორია აქვს, საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული დღემდე. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და შემდგომი წლების განმავლობაში, TASS ცენტრალურ როლს ასრულებდა ყალბი ნარატივების გავრცელებაში და საქართველოს აგრესორად წარმოაჩენდა. დღესაც ანალოგიური ტაქტიკების გამოყენებით აგრძელებს მანიპულაციას და ამახინჯებს ფაქტებს ში რუსეთის ომის შესახებ.
World Press Photo-ს მიერ შერჩეულმა ფოტოგრაფმა საჯაროდ დაუჭირა მხარი რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ეს აგრესია „განმათავისუფლებელ“ აქტად შეაფასა. არა მხოლოდ სიცრუეა ეს ნარატივი, არამედ განსაკუთრებით დამანგრეველიცაა მათთვის, ვინც საკუთარ თავზე იწვნია რუსეთის ოკუპაცია და დღემდე ებრძვის რუსულ იმპერიალისტურ აგრესიას. გვიჭირს გავიგოთ, რომ კონკურსზე, რომელიც სიმართლისა და სამართლიანობის სადარაჯოზე უნდა იდგეს, ასეთი ხმა იმსახურებს უმაღლეს შეფასებას.
როგორც საქართველოს მოქალაქეებს, იმ ქვეყნის შვილებს, რომლის ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, თავად გვაქვს განცდილი და ვიცით რას ნიშნავს ომი, იძულებით გადაადგილება და სუვერენიტეტის დარღვევა. ჯილდოს მფლობელ ფოტოებზე გამოსახული დემონსტრანტები არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან სწორედ იმ ძალებს, რომლებსაც TASS იცავს და ემსახურება. მათ ისტორიას რომ ამგვარი სააგენტო ჰყვება, აღარაა მხოლოდ წინააღმდეგობრივი რამ, ეს უკვე ჟურნალისტიკის ფუნდამენტური პრინციპების ღალატია.
TASS-ის ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოსერიის დაჯილდოებით, World Press Photo ლეგიტიმაციას აძლევს სააგენტოს, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებით არის ცნობილი. ეს გადაწყვეტილება არყევს დამოუკიდებელი მედიის არსს, აძლიერებს პროპაგანდას და გზას უხსნის ყალბ ნარატივებს უფრო ფართო აუდიტორიამდე. მეტიც, საიმედოდ და სანდოდ აღიარებს რუსეთის სამთავრობო მედიას და, საბოლოო ჯამში, აძლიერებს ოკუპანტის ძალაუფლებას.
გვინდა ცხადად და მკაფიოდ ვთქვათ: საქართველოს წინააღმდეგობის, ტკივილისა და იმედის ისტორიას ვერასდროს დაინახავენ და გადმოსცემენ დამპყრობლების პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტოები — სწორედ ისინი, ვინც მჩაგვრელის სამსახურში დგანან და მის სასარგებლოდ, მიზანმიმართულად ამახინჯებენ ამბებს, მანიპულირებენ ფაქტებით და ახშობენ სიმართლეს“, – ნათქვამია ქართველი ფოტოჟურნალისტები და დოკუმენტალისტების განცხადებაში.