საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა პოსტი დატოვა. ამასთან, 30 მარტს უფლებამოსილების ვადა ეწურება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავას.
მოსამართლე კიკილაშვილს, რომელიც 2020 წელს დაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლოში, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე კიდევ ხუთი წელი ჰქონდა დარჩენილი.
ინფორმაცია მისი გადაწყვეტილების შესახებ თავდაპირველად გაავრცელა ტელეკომპანია „პირველმა“, რომელსაც კიკილაშვილი ამ ინფორმაციას უდასტურებს.
კიკილაშვილი აცხადებს, რომ „საკუთარი სურვილით“ დატოვა პოსტი, მიზეზთან დაკავშირებით კი ამბობს: „კანონი არ მავალდებულებს მიზეზის ახსნას“.
მისი თქმითვე, ერთი კვირაა, რაც წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.
ხვიჩა კიკილაშვილის შვილი, გოგა კიკილაშვილი, 2023 წლის 17 ოქტომბერს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია. წინა დღეს კი ხვიჩა კიკილაშვილმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევად ცნობას.
2025 წლის 30 მარტს, – ზუსტად 10 წლის თავზე მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთ მოსამართლეს, ამჟამად თავმჯდომარე მერაბ ტურავამ ფიცი დადო, – ტურავას უფლებამოსილების ვადა ეწურება.
ეს ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი 30 მარტიდან ვაკანტური ხდება.
რას ნიშნავს ეს
მერაბ ტურავა სასამართლოში პარლამენტის კვოტით იყო არჩეული, ხვიჩა კიკილაშვილი კი – უზენაესი სასამართლოს კვოტით.
