“ბატონი რეზო კვესელავა, მოგეხსენებათ წლებია მარტვილშია, ოთარ იოსელიანის გარდაცვალების ამბავი რომ გაიგო (ფრანგული საინფორმაციო საშუალებიდან) დარეკა და ეს სიტყვები ჩამაწერინა: ცუდი ამბავი მოვიდა საფრანგეთიდან: რეჟისორი ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა. ოთარის ოჯახი: მეუღლე რიტა, ქალიშვილი ნანა, სიძე ნიკო… თვალწინ დგანან, ყველა მიყვარს, ყველას პატივს ვცემ. ოთარის ბინის მყუდროება, ვერის თავდაღმართზე, შემდეგ მიცკევიჩის ქუჩაზე, არასოდეს დარღვეულა. ტრადიციას მტკიცედ იცავდნენ. ტელეფონიც არ გამოუცვლიათ, არც მეგობრები გამოუცვლიათ. ოთარი თავისებური იყო, მაგრამ იყო თავისთვის, არავის არ განიკითხავდა. მისი ღვაწლი კულტურის წინაშე – დაფასდა. ამიერიდან კიდევ მეტ მომხიბვლელობას შეიძენს მისი პიროვნება, მისი ფილმები, მისი ნაწერები. სად უნდა დასაფლავდეს? ეს პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ თუ პრობლემა გახდა, გინდ შატილის ჭიუხებში დაასაფლაონ, იქაც ეყოლება მნახველი, ქართველი იქნება, ფრანგი, რუსი თუ გერმანელი” – წერს სოციალურ ქსელში კინორეჟისორი ხოსე მაჯინერე.
ცნობისათვის, რეზო კვესელავა სცენარისტი, დრამატურგი წლების განმავლობაში მუშაობდა კინოსტუდია “ქართული ფილმის“ რედაქტორად. სცენარის ავტორია ფილმების: “ვედრება” (1967), “გზა შინისაკენ” (1981), “ჩაკლული სული” (1994), “კნუტ ჰამსუნის კავკასიური მისტერიები” (დოკუმენტური, 2005) და სხვ.; გადაღებულია ფილმებში: “იყო შაშვი მგალობელი” (1970), “წისქვილი ქალაქის გარეუბანში” (1981).