კვარაცხელია ჩემპიონობას დავითაშვილის წინააღმდეგ გაიფორმებს? პარასკევს მიქაუტაძე იწყებს…

საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურის გახსნის პატივი პარასკევს, 28 მარტს, 23:45 საათზე, სამეულისთვის მებრძოლ, გიორგი მიქაუტაძის “ლიონს” “სტრასბურგთან” “სტად დე ლა მეინუზე”(26 109) სტუმრობით ერგო. საქართველოს ნაკრების ფორვარდი შეხვედრას უბრალოდ ბრწყინვალე ფორმაში შეხვდა, ნაკრებსა და კლუბში ბოლო 4 მატჩში ამდენივე დუბლი და 5 საგოლე პასი (ჩემპიონატში სულ 7 გოლი, ოთხჯერ პარტნიორებს გაატანინა) ჰქონდა.
ტურის ცენტრალური შეხვედრა შაბათს, ჩვენი დროით 22:00 საათზე ჩატარდება. ს პსჟ “სტად ჯეფრი-გიშარზე” (42 000) ზურიკო დავითაშვილის “სენტ ეტიენს” ესტუმრება. არის შანსი, პარიზელები ამ შეხვედრაში გამარჯვების
შემთხვევაში იმავე საღამოს ოფიციალურად გაჩემპიონდნენ.
ლუის ენრიკეს ბიჭებს ტრიუმფამდე 6 ქულა აშორებთ, მაგრამ თუკი მოიგებენ, “მარსელი” დამარცხდება, “მონაკო” – “ნიცა” კი ფრედ დასრულდება, ყველაფერი ეს შაბათის საღამოს, ტურნირის დასრულებამდე 7 ტურით ადრე მოხერხდება, რაც ისტორიაში მეორე ყველაზე ადრეული შედეგი იქნება. და ვის ეკუთვნის პირველი? რა თქმა უნდა, ისევ პსჟს, რომელმაც 2015-16 წლებში პირველობა 8 ტურით ადრე გაინაღდა, საბოლოოდ კი 31-ქულიანი სხვაობით მოიგო(ახლა, ბოლო სანაკრებო პაუზამდე, ლიდერები 19 ქულით გაიჭრნენ).
უხვე ხსენებულ 15-16 წლების სეზონში დედაქალაქელებმა 27 ტური წაუგებლად განვლეს და ახლა ამის გამეორება შეუძლიათ. გუნდი ეცდება, ბოლომდე წაუგებლად მივიდეს. 38 გასვლით შეხვედრაში დაუმარცხებლობა, როგორც ადრეც გითხარით, გუნდს უკვე 1991-93 წლების ლეგენდარული “მილანის” მიღწევასთან გაათანაბრებს.
კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებში გაიბრწყინეს
დავითაშვილის გუნდს პარიზელებთან ძალიან უჭირს და ბოლო 27 შეხვედრაში ვერცერთის მოგება მათთვის ყველაზე ცუდი სერიაა. “სენტ ეტიენმა” ბოლოს 2012 წელს, პარიზში (2:1) გაიმარჯვა. სახომ ავტოგოლი გაიტანა, იბრაჰიმოვიჩი კი გააძევეს. პსჟსთან “ბრესტსა” (ცოტა ხნის წინ ამაზეც გამცნეთ) და “ანჟერს” უფრო უჭირთ.
“მწვანეებს” დასარჩენ პლეი-ოფში მოხვედრა ალბათ ყველაზე კარგი გამოსავალია, რაც მათ შეუძლიათ, ამისათვის კი “ლე ავრს” უნდა აჯობონ. ისე, შორს არც “რეიმსია”, “მონპელიე” კი განწირულია (მოგეხსენებათ, ამ გუნდების შეხვედრა ჩაიშალა). “სენტ ეტიენი” ქულების უმეტესობას შინ იღებს, თუმცა ახლა…
დავითაშვილს 7 გოლი და 5 შედეგიანი პასი აქვს, ბოლო დროს კი ბელგიელი ლუკას სტასინი გაციელებით სახიფათოა. შეგახსენებთ, პარიზში იანვარში მისული კვარაცხელიას ანგარიშზე ჯერ 1 შედეგიანი დარტყმა და 2 საგოლე პასია.
ლუის ენრიკეს გუნდს მარკინიოსი აკლია, ვის ორსულ მეუღლეს, სამწუხაროდ, პრობლემები შეექმნა. ბრაზილელი ლიგა 1-ს სარეკორდოდ, მეათედ მოიგებს; ლი კანგ-ინმა სამხრეთკორეელთა რიგებში ტრავმა მიიღო და უახლოეს მატჩს გამოტოვებს. გონსალო რამოშმა პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში ს გაუტანა; დეზირე დუემ ზუსტი თერთმეტმეტრიანი ახლა საფრანგეთისა და ხორვატიის დაპირისპირების პენალტების სერიაში შემოგვთავაზა. მართალია, მანამდე პარიზელებს თასზეც აქვს სათამაშო და ჩემპიონატშიც, თუმცა მათი მთელი ყურადღება მაინც ჩემპიონთა ლიგისა და “ასტონ ვილასკენაა” მიმართული(მათთან ორ მატჩს შორის ტურის შეხვედრა გადაუდეს), შესაბამისად, როტაციას ველით.
მთავარი მსაჯი 46 წლის ჯერემი სტინატი იქნება, ვისაც გამორჩეულ მატჩებში უფრო მეოთხე არბიტრად ვხედავთ.