პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ მიმართავს „ქართულ ოცნებას“, შეასრულოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც, მათი განცხადებით, საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნული განცხადება „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარემ, ლევან ცუცქირიძემ თანამოაზრეებთან ერთად გააკეთა. როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს აღნიშნულ მოწოდებას არ შეასრულებს, საქართველო შესაძლოა, საერთოდ ამოვარდეს ევროპული სივრციდან.
„დღეს ჩვენ ვართ ისტორიული კატასტროფის წინაშე „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო იმიტომ, რომ გვიახლოვდება თარიღი, რომელიც ევროსაბჭომ საქართველოს დაუთქვა, რათა მას გადაედგა გადამწყვეტი ნაბიჯები დემოკრატიის აღსადგენად, ადამიანის უფლებების დასაცავად და იმ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელიც მან შექმნა ამ ქვეყანაში.
იცით, რომ საქართველოს დელეგაციას ევროსაბჭოში მთელი რიგი უფლებები შეზღუდული აქვს, ესენია: მნიშვნელოვან არჩევნებზე დაკვირვება, ასევე, ჩვენი დელეგაცია ვერ მუშაობს ადამიანის უფლებების კომიტეტში და მათ საქართველოს უთხრეს, რომ გაზაფხულის სესიის დაწყებამდე, რომელიც 7 აპრილს იწყება, გადაედგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორიცაა – პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ინკლუზიური დიალოგის დაწყება, ევროპული ინტეგრაციის აღდგენა, ევროსაბჭოსთან ურთიერთობების გაუმჯობესება, პოლიციის ძალადობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შეწყვეტა და გამოძიება. ასამბლეის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. ამ ვითარებაში, ჩვენ გვემუქრება საფრთხე, რომ არა თუ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეწყდეს, არამედ საქართველო საერთოდ ამოვარდეს ევროპული სივრციდან. საქართველოს, ჩვენი პოლიტიკური იდენტობა ასე იძერწებოდა და ასე იქმნებოდა, რომ საქართველო არის ევროპული სივრცის ნაწილი და დღეს, ჩვენ გვაქვს ის ვითარება, რომ შესაძლოა, საერთოდ ევროპული სივრცის და ევროპული მექანიზმების მიღმა დავრჩეთ, რომელიც ჩვენი განვითარებისთვის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამიტომ, გვინდა მოვუწოდოთ და მოვთხოვოთ „ქართულ ოცნებას“, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ პირობების შესრულება. ასევე, გვინდა საზოგადოებასაც შევახსენოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი გვიახლოვდება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
