თბილისში, 26 მარტს, კვლევის “მედიაგარემო 2024: ბრძოლა ნდობისა და თავისუფლებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართება

“მედიახმა“ კვლევას სახელწოდებით “მედიაგარემო 2024: ბრძოლა ნდობისა და თავისუფლებისთვის“ მედიის, არასამთავრობო სექტორისა, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიის წარმომადგენლებს 26 მარტს წარუდგენს. პრეზენტაცია თბილისში IOTA HoteL-ში გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პრეზენტაციას გერმანიის ელჩი საქართველოში ერნსტ-პეტერ ფიშერი გახსნის.
„კვლევა გამოკვეთს საფრთხეებს და მხარდამჭერ მექანიზმებს, რომლებიც გავლენას ახდენს საინფორმაციო ეკოსისტემაზე, მედიის სიცოცხლისუნარიანობასა და მედიისადმი ნდობაზე საქართველოში.
კვლევა გამოკვეთს, როგორ იმოქმედა „სუპერ ს წელს“ არსებულმა გამოწვევებმა მედიის სანდოობაზე, ჟურნალისტურ საქმიანობასა და პროდუქტის ხარისხზე.
კვლევაში გაანალიზებულია, რა ზეგავლენა მოახდინა ინფორმაციულ ეკოსისტემაზე „აგენტების/რუსულმა კანონმა“ და საპროტესტო დემონსტრაციებმა არჩევნებამდე და მის შემდეგ. შეფასებულია, რა და როგორ მოქმედებს მედიისა და სხვა აქტორებისადმი ნდობაზე და რა მექანიზმებით არის შესაძლებელი ამ ნდობის გაზრდა; კვლევა გამოკვეთს, თუ როგორ მუშაობს კლეპტოკრატიული მმართველობის პირობებში მედია, როგორ უმკლავდება რუსულ გავლენებს; კვლევის აანალიზებს მედიაგარემოს როლისა და ტრანსფორმაციის პროცესს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში.
წლევანდელ კვლევაში პირველად გამოკვეთილია სამოქალაქო ჟურნალისტიკის როლი კრიზისულ სიტუაციებში და მედიის გადარჩენისთვის ბრძოლის ახალი ინსტრუმენტები და ტრანსფორმაციული გამოცდილების მაგალითები. გამოკვეთილია ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის აღკვეთისთვის აუცილებელი, მიზნობრივი სანქციებისა და საერთაშორისო სასამართლოების როლი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, აღინიშნება, რომ მედიაგარემოზე დაკვირვება მოხდა 20 მედიასაშუალების 23 წარმომადგენლის შეფასებაზე დაყრდნობით და შემდგომი შედარებითი ანალიზით. კვლევაზე დაყრდნობით შემუშავდა რეკომენდაციები ჟურნალისტების უსაფრთხოების, მედიისადმი ნდობისა და სოლიდარობის გაძლიერებისთვის, მედიის წინააღმდეგ კანონების ინსტრუმენტალიზაციის შეჩერებისთვის და სხვ.
კვლევის ავტორები არიან მარიამ გერსამია (თსუ, პროფესორი, „მედიახმის დამფუძნებელი); ეკატერინე გიგაური („მედიახმის“ უფროსი მკვლევარი); გვანცა გურგენიძე („მედიახმის“ მკვლევარი);
კვლევა მომზადდა “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის” – სამხრეთ კავკასიის ბიუროსა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.