ყაველაშვილმა უკან გაიწვია რუსულ კანონზე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელი

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უკან გაიწვია საკონსტიტუციო სასამართლოში რუსულ კანონზე შეტანილი ს სარჩელი.
ამის შესახებ ინფორმაციას ყაველაშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მიხეილ ყაველაშვილმა უარი თქვა ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმებას ეხებოდა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი ეფუძნება გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რაც ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმთავრესი პრინციპის – სახელმწიფოს ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.
კანონი ემსახურება საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების დაფინანსების წარმომავლობის შესახებ. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო საკონსტიტუციო სარჩელზე უარის თქმის გადაწყვეტილება“, – ნათქვამია ყაველაშვილის ადმინისტრაციის განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, რადგან ის მიიჩნევდა, რომ კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, სადაც წერია, რომ “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, ზურაბიშვილი დავობდა რუსული კანონის შეუსაბამობას კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი პრეზიდენტის სარჩელით, სალომე ზურაბიშვილი კანონის შეჩერებასა და გაუქმებას ითხოვდა.