სტამბოლის მერს პატიმრობა შეუფარდეს, დემონსტრანტები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

სტამბოლის მერს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს, ექრემ იმამოღლუს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს და პატიმრობა შეუფარდეს. მას კორუფციას ედავებიან. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს დილით მიიღო.
შეგახსენებთ, რომ იმამოღლუ ოთხშაბათს დააპატიმრეს, ერთი დღით ადრე, სანამ მას 2028 წლის საპრეზიდენტო სთვის კანდიდატად დაასახელებდნენ.
დღევანდელი სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ხალხი სტამბოლის მუნიციპალიტეტის შენობასთან შეიკრიბა. დემონსტრანტები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოქალაქეთა დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.
თურქეთში პროტესტის მეხუთე დღეა. პროტესტის ტალღა სწორედ სტამბოლის მერის დაკავებას მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ აქციების გამართვა ოთხი დღით, სწორედ 23 მარტამდე აკრძალა.
იმამოღლუ ბრალდებებს უარყოფს. პრეზიდენტი ერდოღანი კი აცხადებს, რომ იმამოღლუ და მისი პარტია ქვეყანაში მშვიდობის მტრები არიან და ხალხის პოლარიზებას ცდილობენ.
პროტესტის მიმდინარეობის ფონზე, ილონ მასკის X-ზე თურქეთის ოპოზიციას წვდომა შეეზღუდა.
პროკურატურამ იმამოღლუსთან ერთად, ასევე გასცა 100 სხვა ადამიანის დაკავების ორდერი.
22 მარტს, დილას, თურქეთში პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა ქვეყნის რამდენიმე ქალაქში.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ 21 მარტს განაცხადა, რომ მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე 97 ადამიანი დააკავეს. თურქული ოპოზიციური მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის ძირითადად არიან უნივერსიტეტის სტუდენტები და მემარცხენე ჯგუფების წევრები.
თურქული გამოცემა „ბიანეტი“, იურისტთა ასოციაციაზე (ÇHD) დაყრდნობით წერს, რომ პოლიციამ ანკარაში რეიდების დროს რამდენიმე სტუდენტი დააკავა და ორგანიზაციის ადვოკატთან ერთად. ახალგაზრდულმა ორგანიზაცია Sol Genç-მა („მემარცხენე ახალგაზრდობა“) განაცხადა, რომ მისი სამი წევრია დაკავებული. ასევე, თურქეთის ერთ-ერთ მემარცხენე მოძრაობასთან, „სახალხო სახლთან“ დაკავშირებულმა ახალგაზრდულმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე ადამიანი დააკავეს 21 მარტს აქციებზე პოლიციასთან შეტაკების შემდეგ.
თურქეთის მუშათა პარტია (TİP) კი იტყობინება, რომ პარტიის რამდენიმე წევრის სახლი დაარბიეს ანკარაში, სტამბოლსა და იზმირში.