ლარი ახალ წონასწორულ ნიშნულს მიუახლოვდა – გამყარდება თუ არა კიდევ ერონული ვალუტა?

ლარის კურსთან დაკავშირებული ბოლოდროიინდელი ტენდენცია ამყარებს საფუძველს, რომ ლარმა წონასწორობის ახალი ნიშნული იპოვა. ყოველ შემთხვევაში, ის ახლოსაა ამ მაჩვენებელთან, რასაც კვლევით ორგანიზაციებში ადასტურებენ. ზედიზედ მესამე კვირაა, ეროვნული ვალუტა გამყარების ტენდენციით ხასიათდება, შესაბამისად, და ძალიან ცოტა რესურსი რჩება და ახლოსაა იმ დიაპაზონთან, სადაც უნდა დასტაბილურდეს. მთავარია, რაიმე ფოსრმაჟორული გარემოებები არ შეიქმნას ეკონომიკაში, რაც სიტუაციას შეცვლის. მიმდინარე პროცესი კი აჩვენებს, რომ ლარის სიმყარე თანდათან გარანტირებული ხდება.
როგორც ფინანსიტები ვარაუდობენ, ეროვნული ბანკი დაიწყებს რეზერვების შევსებას, ანუ დოლარის ამოღებას ფულადი მასიდან, რათა თავისი რეზერვები გაზარდოს. სავალუტო ბაზარზე რისკი რომ იყოს, ამ ნაბიჯს სებ-ი ჯერჯერობით არ გადადგამდა.
,, კაპიტალის” ანალიზის მიხედვით, ლარის წონასწორობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ჩარჩოს თანახმად, ეროვნული ვალუტა მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, სადღეისოდ არსებულ ნიშნულთან ახლოსაა.
პოზიტიურ ძვრებზე საუბრობენ ეკონომისტებიც, თუმცა, აღნიშნავენ იმასაც, რომ პოლიტიკური დაძაბულობის პირობებში კურსთან დაკავშირებით რისკები მუდმივად იქნება, რაც ხელისშემშლელი ფაქტორია ბიზნესისთვის და ეკონომიკურ საქმიანობას აფერხებს.
საბანკო სფეროს ექსპერტის, პროფესორ გოჩა თუთბერიძის პროგნოზი ლართან დაკავშირებით ამჯერადაც მოკრძალებულია. მისი თქმით, ეკონომიკური პარამეტრები წესრიგშია და გაცვლიტ კურსს ამ კუთხით არაფერი ემუქრება, თუმცა პოლიტიკური დაძაბულობა გამოწვევად რჩება. იგი ფიქრობს, რომ ლარი წონასწორობის ნიშნულს უახლოვდება, თუმცა კონკრეტული ციფრის დასახელებისგან ექსპერტი თავს იკავებს.
,,დადებითი ტენდენცია სახეზეა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარი სტაბილურობას ინარჩუნებს. იქნება თუ არა ახალი წონასწორობა 2,75-ის ფარგლებში, ასე დაბეჯითებით თქმას მოვერიდები, თუმცა არც გამოვრიცხავ. მაკროეკონომიკური პარამეტრები წესრიგშია და ეს ხელს უწყობს მიღწეული სტაბილურობის შენარჩუნებას. ამასთან, გასათვალისწინებელი გარემოებაა, რომ ლარი ჯერ კიდევ არ არის გამოსული პოლიტიკური პროცესების გავლენიდან. საწყის ეტაპზე ეს იყო , რამაც კურსს გაუფასურებისკენ უბიძგა, მერე პოლიტიკური პროცესების გავლენის ქვეშ მოექცა და უფასურდებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
სიმართლე ითქვას, ლარის კურსთან დაკავშირებით მდგომარეობას გაუარესებას არ ველოდები იქიდან გამომდინარე, რომ არსებული მაკროეკონომიკური გარემო ამ ეტაპზე სტაბილურია. მთავარია, რომ ეროვნულმა ბანკმა ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს კურსის გასამყარებლად და დროულ ინტერვენციებს მიმართოს, რა დონეზეც რეზერვები ეყოფა. ახლა მთავარია, პოლიტიკური ვითარებაც დამშვიდდეს”, – ამბობს თუთბერიძე.
მიუხედავად იმისა, რომ ლარი მყარდება, ბიზნესსუბიექტებისთვის ხელსაყრელი ვითარება ჯერაც ვერ ჩამოყალიბდა. ეკონომისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ისევ იგრძნობა ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენა. ხოლო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში როგორ მოიქცევა ლარი, ეს უკვე დიდწილად მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. როგორც ეკონომისტმა ირაკლი ერაძემ აღნიშნა, კურსზე მაკროეკონომიკური პროცესების გავლენა ნაკლებად აისახება.
,,როგორი მაკროეკონომიკური გარემოს არ უნდა იყოს ქვეყანაში, ვალუტის კურსი დამოკიდებულია მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდებაზე, რის განსაზღვრაც თავისთავად წარმოუდგენელია. ერთადერთი, რითაც შეიძლება დადგინდეს კურსის მერყეობის მიზეზი, ამისთვის მნიშვნელოვანია ცოდნა, მაკროეკონომიკური საფუძველი არსებობს თუ მოლოდინის ფაქტორი მონაწილეობს. სხვა გარემოებები უნდა გამოირიცხოს.
აქ მნიშვნელოვანია სტაბილურობა, ამ კუთხით, სებ-ის გადაწყვეტილებები ხშირ შემთხვევაში სწორი და მიზანშეწონილია, თუკი მოლოდინი და სენტიმენტები კურსის მერყეობაში მეტ როლს თამაშობს, ვიდრე ეკონომიკური ფაქტორები”, – ამბობს ერაძე.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკი შეიძლება ნებისმიერ სიტუაციაში ჩაერიოს, მას აქვს ამის რეზერვი, მაგრამ ამით სტაბილურობა შენარჩუნდება თუ არა, ისევ ძნელად საპროგნოზოა.
,,საქართველო იმდენად პატარა ბაზარია, რომ ერთმა ტრანზაქციამაც კი შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული რყევა გამყარების ან გაუფასურების მიმართულებით. გამომდინარე პოლიტიკური დაძაბულობიდან, რაც ქვეყანაშია, არსებობს სავალუტო რისკიც, ამიტომ ბაზარზე გრძელვადიანი სტაბილურობის მისაღწევად ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს. ჯერჯერობით სავალუტო ფონდის პროგრამაც არ გვაქვს და სავალუტო შემოდინებები რამდენად შეიძლება შემცირდეს, ესეც საკითხავია.
არა მარტო ბიზნესისთვის, რიგითი მოქალაქეებისთვისაც რთულია. დაგეგმვა უფრო მოკლევადიან ჭრილშია შესაძლებელი, თამამად ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისგან ახლა თითქმის ყველა თავს იკავებს და ეს ბუნებრივიცაა“, – თქვა ირაკლი ერაძემ.
ლარის გამყარების მიმართ საინტერესო ანალიზი ,,თიბისი კაპიტალმა” ამ რამდენიმე დღის წინ გააკეთა. კვლევითი ორგანიზაციის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ აღნიშნა, რომ ლარის გამყარება სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან ის მოვლენები, რაც საქართველოში განვითარდა, უფრო სენტიმენტების ბრალი იყო, ვიდრე უშუალოდ შოკი კურსთან დაკავშირებით.
,,ჩვენ გვაქვს დიდი იმპორტი, მათ შორის, გრძელვადიანი მოხმარების საგნების იმპორტი, რომელიც შემცირებულია – ეს თავისთავად წმინდა გამოხატულებაში იწვევს იმას, რომ არათუ ნეგატიური, არამედ პოზიტიურიც შეიძლება იყოს ლარისთვისაც. მაგალითად, ევროს მიმართ ლარი მცირედით გაუფასურდა. როდესაც ვსაუბრობთ პროგნოზზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომელ ვალუტასთან მიმართებით იგულისხმება. ჩვენი სტრატეგია – “ლარი, ევრო, დოლარის არჩევანი” – ამ ვალუტების უფრო თანასწორულ შეფასებებს ეყრდნობა”, – განუცხადა ნადარაიამ ,,ბიზნესპარტნიორს”.
წყარო: რეზონანსი