იანვრიდან თბილისში დიდ მანქანებზე შეზღუდვები წესდება, იქნება გამონაკლისი

დედაქალაქში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვები პირველი იანვრიდან დაწესდება. კერძოდ, როგორც თბილისის მერმა მ დღეს, 20 დეკემბერს განმარტა, შეზღუდვები შედეგად M3 (ავტობუსი), N2 (3.5-12 ტონამდე სატვირთო) და N3 (12 ტონაზე მეტი სატვირთო) კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში მოძრაობა კონკრეტულ ქუჩებზე აიკრძალება.
კალაძის თქმით, აღნიშნულ ცვლილებას პარლამენტმა დაუჭირა მხარი.
დედაქალაქის მერის განმარტებით, შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში.
„ამასთან, მოძრაობა აიკრძალება მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათსადა კვირას, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში და აგვისტოში. ვფიქრობთ, აგვისტო იყოს გადაადგილებისთვის თავისუფალი, რადგან, როგორც წესი, ამ პერიოდში ქალაქი შედარებით თავისუფალია, მოსახლეობა გადის დასასვენებლად და ამიტომ, ეს გამონაკლისი შესაძლებელია რომ დაშვებულ იქნას“, — აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაცია არ გავრცელდება გარკვეულ გამონაკლის შემთხვევებში, კერძოდ, კალაძის თანახმად, რეგულაცია არ გავრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე:
· საზოგადოებრივ ტრანსპორტზე;
· საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი);
· მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე;
· მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე;
· ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე;
· ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე;
· ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე;
· ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში;
· ასევე, გამონაკლისი დაიშვება სადისტრიბუციო საქმიანობისთვის განკუთვნილ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში. აღნიშნული კატეგორიისთვის ეს გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ 2024 წლის პირველ სექტემბრამდე
კალაძის განმარტებით, აღნიშნული წესის დარღვევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები დაჯარიმდებიან 1 000 ლარის ოდენობით, განმეორებით დარევისას კი 3 000 ლარით.