კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ ტრამპს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა

აშშ-ის კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ -ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპს არ აქვს უფლება, საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს. სასამართლომ მხარი დაუჭირა მოსამართლის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ტრამპი 2021 წლის 6 იანვრის აჯანყებაში მონაწილეობდა. ასევე გააუქმა დასკვნა, რომ აკრძალვა პრეზიდენტს არ ეხება.
ტრამპი კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს დიქტატურის დასაწყისია.
„სოროსის მიერ დაფინანსებული დემოკრატები არიან ამ მანკიერი სარჩელის უკან და დაუყოვნებლივ გამოიყენებენ გადაწყვეტილებას დანარჩენ 49 შტატში. შტატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, რომლებიც დემოკრატებმა დანიშნეს, ახლახან ამოიღეს ჩემი სახელი 2024 წლის კენჭისყრიდან კოლორადოში. ჩვენ დაუყოვნებლივ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ტრამპმა განცხადებაში.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, არ მისცემს უფლებას მემარცხენე მოსამართლეებს „მოიპარონ ამერიკელების უმრავლესობის ხმები“.
კოლორადოს საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ საკითხი 5 იანვრამდე უნდა გადაწყდეს, რაც კანონით დადგენილი ვადაა „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერიზის კანდიდატთა სიის დასადგენად.
როგორც Reuters-ი წერს, შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ კოლორადოს, მაგრამ აუცილებლად მოახდენს გავლენას 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაზე.