ხაშურის კლინიკაში ცხოველის მიერ დაკბენილი 4 პირი შეიყვანეს

მიუსაფარი ცხოველების პრობლემა შიდა ქართლში – ხაშურში მიუსაფარი ძაღლების მიერ, მოქალაქეების დაკბენის ფაქტები გახშირდა. ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში განაცხადეს, რომ მხოლოდ დილით, 11 საათამდე არსებული მონაცემებით, კლინიკაში ცხოველის მიერ დაკბენილი 4 ადამიანი შეიყვანეს.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას. რეგიონში მუნიციპალური თავშესაფარი გორში ფუნქციონირებს, თუმცა, როგორც ხაშურელები ამბობენ, აუცილებელია თავშესაფარი ქალაქშიც გაკეთდეს.
“ჯერ ბავშვი დაგლიჯა, მერე გავიგე ხაშურში ყვავილებში მუშაობს ერთი ქალბატონი, ის წააქცია და დაკბინა ძაღლმაო, ძალიან მომრავლდნენ, ჩვენ კი ვაჭმევთ ლუკმას, გადავუგდებთ ყველა და შევაჭმევთ, მაგრამ არ გამოდის ასე, დილით რომ გამოვდივარ მეშინია, რომ ძაღლი არ დამხვდეს გარეთ და არაფერი დამმართოს. თავშესაფარი უნდა იყოს და იქ უნდა იყვნენ ეს უპატრონო ძაღლები. ძალიან ხშირია, ბაზარში რამდენს უკბინა იცით?! ვერ წარმოიდგენთ და რამდენი ძაღლია ბაზარში ვერ წარმოიდგენთ, დაათვალიერეთ და ნახავთ”, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
გორში არსებული ცხოველების მუნიციპალური თავშესაფარი 4 ქალაქს ემსახურება. მოქალაქეები ამბობენ, რომ რეალურად პრობლემის გადაჭრა არ ხდება, რადგან ცხოველებს სტერილიზაცია-კასტრაციას უტარებენ და ისევ ქუჩაში აბრუნებენ.

ასევე დაგაინტერესებთ