მედია: რუხაძემ ინგლისის უზენაეს სასამართლოშიც წააგო დავა და 170 მილიონის გადახდა დაეკისრა პარტნიორებთან ერთად

ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე ინგლისისა და უელსის უზენაეს სასამართლოშიც დამარცხდა ყოფილ პარტნიორებთან დავაში და 170 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

ინგლისისა და უელსის სასამართლოს უზენაესმა პალატამ 2025 წლის 19 მარტს ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.

  • სააპელაციომ კი განაჩენი 2023 წლის 21 მარტს გამოიტანა – და მანაც უცვლელად დატოვა 2022 წლის 25 ივლისის განაჩენი.
  • რუხაძესა და მის პარტნიორებს, ბენჟამენ მარსონსა და იგორ ალექსეევს, დაეკისრათ ამ რაოდენობის თანხის კომპენსაციის გადახდა კომპანიების, Revoker-ისა და Recovery Partners-ის მიმართ;
  • აქამდე კომპენსაციის ამ კომპანიებისათვის გადაცემა სასამართლოს მიერ შეჩერებული იყო.

ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს საიტზეა გამოქვეყნებული, თავდაპირველად ბიზნესგამოცემა BMG-მ გაავრცელა. ინფორმაცია ასევე გაავრცელა იურიდიულმა ფირმა A+ Consulting-მა, რომელიც რუხაძის ოპონენტებს წარმოადგენდა – საერთაშორისო იურიდიულ ფირმა Brown Rudnick-თან ერთად.

A+ Consulting-ი წერს, რომ ირაკლი რუხაძეს, იგორ ალექსეევსა და ბენჯამინ მარსონს (ასევე მათ კუთვნილ კომპანიებს – Hunnewel Partners & Park Street) დაეკისრათ 170 მლნ აშშ დოლარის გადახდა Recovery Partners GP LTD-სა და Revoker LLP-ის სასარგებლოდ.

„საქმის მიხედვით, ირაკლი რუხაძემ და მისმა თანამზრახველებმა დაარღვიეს ფიდუციარული ვალდებულებები იმ კომპანიის მიმართ, ვისთვისაც მუშაობდნენ. მათ მიითვისეს თავიანთი პრინციპალის ბიზნეს გეგმა და შედეგად, უკანონოდ მიიღეს შემოსავალი, რომელიც დაბრუნებას ექვემდებარება“, – აცხადებს იურიდიული ფირმა.

ვრცლად