მამუკა მდინარაძე კაია კალასის განცხადებაზე – ეს არის უხეში ჩარევა სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში, ინტერესებში და ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა, ყველაზე ანტიქართული განცხადება – ამაყები ვართ, რომ ამან ვერ წაგვაქცია, ვერ მოგვერივნენ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, უმრავლესობის ლიდერი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის განცხადებას „ანტიქართულს“ უწოდებს.
მდინარაძის შეფასებით, კალასის განცხადება „არის უხეში ჩარევა სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში, ინტერესებში და ამ ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა“.
„ყველაზე ანტიქართული განცხადება, რაც კი შეიძლება პოლიტიკოსმა დღეს თანამედროვე სამყაროში გააკეთოს. მაშინ, როდესაც (კონკრეტულ ქვეყანას არ დავასახელებ, არ მინდა, რომელიმე ქვეყანასთან მიმართებაში რაიმე ხისტი პოზიცია დავაფიქსირო) ასეულობით ადამიანი კვდება სხვაგან და ამაზე საერთოდ არანაირი პოზიცია არა გაქვს და შეიძლება რიგ შემთხვევაში პირიქითაც, ბევრჯერ გავიმეორე და გავიმეორებ კიდევ, ლაშა ტალახაძეს აგრესიის გამო ასანქცირებ, შეშფოთებული ხარ იმით, რაც არათუ შესაშფოთებელი, არამედ სწორი საქციელია დანაშაულის პრევენციისთვის, მინიმუმ ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ევრობიუროკრატია ამ ბოლო დროს ძალიან მიეჩვია ორმაგი სტანდარტიდან გამომდინარე განცხადებების კეთებას. ჩვენ ნამდვილად ამაყები ვართ იმით, რომ ამან ვერ წაგვაქცია, ამით ვერ მოგვერივნენ და იმედია, ჩვენი საოცნებო ევროპა და ევროკავშირი, რისთვისაც ვოცნებობთ, ისეთ სახეს დაიბრუნებს და ევრობიუროკრტატები ამ იმიჯის შელახვას ვერ შეძლებენ. როდესაც ჩვენ აბსოლუტურად ობიექტურად დავიმსახურებთ, ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები, ევრობიუროკრატებიც იქნებიან ადეკვატურები და ეს ადეკვატურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმართლესთან მიმართებაში. როდესაც თეთრზე შავს გეუბნებიან… არავინ და არაფერი აზიანებს, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში ევროპის შესახებ წარმოდგენებს, ვიდრე ეს ევრობიუროკრატია, რომელიც ძალიან ცუდად იქცევა, ამიტომ ვმიჯნავთ ბოლო დროს ევროპას, ევროპულ ღირებულებს და ევროპელ ბიუროკრატებს, როგორებიც ხშირ შემთხვევაში მავნებლურადაც კი იქცევიან. იმდენად არაადეკვატურები და არასამართლიანები არიან“, – განაცხადა მდინარაძემ.