ზაზა ვაშაყმაძე აზერბაიჯანის კოლეგა ორგანიზაციის ხელმძღვანელს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიურ გაერთიანებებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს, რამინ მამედოვს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაში აზერბაიჯანის დელეგაციის წევრები – აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არზუ ნაღიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიურ გაერთიანებებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუნდუზ ისმაილოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი პეტრე (ხუმარაშვილი), საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ფაიგ ნაბიევი და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ეტიბარ ემინოვი მონაწილეობდნენ. განიხილეს ორ სტრუქტურას შორის თანამშრომლობის ასპექტები, საქართველოში მუსლიმი თემისა და აზერბაიჯანში ქართველი მართლმადიდებელი მრევლის რელიგიური უფლებების დაცვის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.
„რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოში არსებულ ტოლერანტულ გარემოზე და ყურადღება გაამახვილა იმ დახმარებაზე, რომელსაც სახელმწიფო საქართველოს მთავრობის დადგენილების („საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის”) თანახმად, რელიგიურ ორგანიზაციებს, მათ შორის, მუსლიმ თემს უწევს. ზაზა ვაშაყმაძის თქმით, გარდა ფინანსური დახმარებისა, მუსლიმი თემის წარმომადგენლებს უკვე გადაეცათ 262 მეჩეთი და ეს პროცესი გრძელდება. აზერბაიჯანელმა კოლეგამ მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი საკუთარი რელიგიური და ეთნიკური იდენტობის შესანარჩუნებლად. ზაზა ვაშაყმაძე დაინტერესდა აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველი მართლმადიდებლების რელიგიური უფლებების დაცვის, ასევე ქართველი მუსლიმების მდგომარეობით და ხაზი გაუსვა ორ უწყებას შორის არსებულ კეთილმეზობლურ თანამშრომლობას, აზერბაიჯანელი კოლეგის მზადყოფნას, მაქსიმალურად იქნას დაცული ქართველი მართლმადიდებლების რელიგიური უფლებები და იმედი გამოთქვა, რომ ორივე მხარისთვის სასარგებლო ურთიერთთანამშრომლობის ტრადიცია კვლავაც გაგრძელდება.
შეხვედრას ესწრებოდნენ: აზერბაიჯანის თეოლოგიის ინსტიტუტის რექტორი აგილ შირინოვი, “მორალური ღირებულებების წინსვლის ფონდის” დირექტორი ვუსალ გოიუ, კომიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი ანარ რაჰიმოვი, ადმინისტრაციის უფროსი ნარიმან გურბანოვი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ელშად მირალამი, აზერბაიჯანის საელჩოს მესამე მდივანი ჯავიდ მაჰარამოვი, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი ოქტაი ისაევი, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი, ანალიტიკოსი ზვიად ტყაბლაძე, იურისტი ალექსანდრე შეყილაძე, პროტოკოლის მენეჯერები ნათია გუდაძე და თამარ კავილაძე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.