„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კანონი, რომლითაც მაუწყებლების შინაარსის რეგულირებას გეგმავს, მხოლოდ მაუწყებლების ონლაინ პლატფორმებზე გავრცელდება და არა ზოგადად ონლაინმედიაზე.
ამის შესახებ მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
„საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებზე. დღეს აქტუალური იყო კითხვა – გავრცელდება თუ არა ონლაინმედიაზე, ზოგადად? – არა. ონლაინმედიაზე, ზოგადად, არ გავრცელდება, მაგრამ მაუწყებლების შესაბამის ონლაინ პლატფორმებზე კანონის ნორმები გავრცელდება“, – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის ბრიფინგამდე, დღეს, 17 მარტს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიუდილ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ მაუწყებლების შინაარსის მარეგულირებელ კანონს ინტერნეტზეც გაავრცელებდნენ, რაც მათ შორის ონლაინმედიებსაც ეხებოდა.
საუბარია ცვლილებებზე, რომლითაც „ოცნება“ ირწმუნება, რომ მედიაში მაღალ სტანდარტს აწესებს. სინამდვილეში კი, კრიტიკული მედიების წარმომადგენლების განცხადებით, „ოცნება“ ცდილობს, რომ სისტემის ხელში გადავიდეს პოლიტიკური ცენზურის წარმოება.
ამ ცვლილებებით სისტემას დაემატება სამართლებრივი და რეგულატორის მექანიზმები, რომელიც მედიის მიერ წარმოებული პროდუქციის შინაარსში ჩარევას კანონიერს გახდის.
„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ცვლილებებით, რომელიც ,,მაუწყებლობის შესახებ” კანონში შედის, კანონს ემატება დეტალური რეგულაციები ტელე და რადიომაუწყებლობის სტანდარტებთან დაკავშირებით, მათ შორის, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება და არასრულწლოვან პირთა დაცვის ცალკეული საკითხები.
კანონპროექტში წარმოდგენილი დეტალური რეგულაციების დიდი ნაწილი მაუწყებელთა ქცევის კოდექსიდან არის აღებული. აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, ტელე და რადიომაუწყებლობის სტანდარტებს არეგულირებდა მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით – №2 დადგენილებით დამტკიცებული ქცევის წესები. მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევაზე აქამდე რეაგირებას ახორციელებდნენ მაუწყებლების თვითრეგულირების მექანიზმები. კერძოდ, ქცევის კოდექსის საფუძველზე, მაუწყებლებში ფუნქციონირებს თვითრეგულირების შიდა ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ საჩივრების განხილვასა და მათზე რეაგირებას.
ინიცირებული ცვლილებებით, თვითრეგულირების მექანიზმებთან ერთად, მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილება ექნება სახელმწიფო ორგანოს – კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს შეეძლება საჩივარი შეიტანოს პირდაპირ კომუნიკაციების კომისიაში. დარღვევის დადგენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილი იქნება, მაუწყებელთა მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები – გაფრთხილება, ჯარიმა და გარკვეულ შემთხვევებში – ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ, წლებია, კითხვის ნიშნები არსებობს მოქმედი ხელისუფლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებისა და არაერთი სადავო ინიციატივის გამო, რომელიც ქვეყანაში კრიტიკული აზრის შეზღუდვისკენ არის მიმართული.
