გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და „საქსტატმა“ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ევროკავშირის მხარდაჭერილი კვლევა წარადგინეს

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატმა), ევროკავშირის მხარდაჭერით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ქალთა ორგანიზაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემებზე მომუშავე არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე დამსწრეები საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის შედეგებს გაეცნენ და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად საკანონმდებლო და პოლიტიკის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს.
ღონისძიების მთავარ მომხსენებლებს შორის იყვნენ: გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის შრომის ბაზრის, მიგრაციის და გენდერის პროგრამის მენეჯერი იურატე იუოდსნუკიტე და საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.
ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში ჩაატარეს. რაოდენობრივი გამოკვლევა საქსტატთან თანამშრომლობით წარიმართა, თვისებრივი კომპონენტი კი WeResearch-ის გუნდმა უზრუნველყო.
რაოდენობრივი გამოკვლევის ფარგლებში როგორც დედაქალაქში, ისე სხვა ქალაქებსა და სოფლებში, 15-69 წლის ასაკის 3300 ქალი და 1100 კაცი გამოიკითხა. თვისებრივმა კვლევამ კი 15 ინტერვიუ, 16 ფოკუს ჯგუფი და 40 სიღრმისეული ინტერვიუ, ჯამში 171 რესპონდენტი მოიცვა. კვლევამ შეისწავლა, თუ როგორია ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმის გავრცელება, რა გავლენა აქვს მას ქალების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, რამდენად ფლობენ ისინი ინფორმაციას ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებული სერვისების შესახებ და სარგებლობენ თუ არა ამ სერვისებით, როგორია საზოგადოების დამოკიდებულებები ქალთა მიმართ ძალადობასთან, მის მიზეზებთან, შედეგებსა და აღკვეთის გზებთან დაკავშირებით.
„კვლევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად. მისი მიგნებები და მონაცემებზე დაფუძნებული მტკიცებულებები ამ ყოვლისმომცველი პრობლემის გადასაჭრელად საჭირო პოლიტიკისა და საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაში დაგვეხმარება“, – აღნიშნა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მაჰლმა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს და პროგრამის მენეჯერის, იურატე იუოდსნუკიტის განცხადებით, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, მხარი დაუჭიროს ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით მუშაობას საქართველოში.
„ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის ჩატარება და მონაცემთა რეგულარული შეგროვება ცხადყოფს, რომ საქართველო სტამბოლის კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს”, – აღნიშნა მან.
ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქვეყანას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციიდან მე-9 რეკომენდაციის „გაერთიანებული ძალისხმევით გაძლიერდეს სვლა გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად“ შესრულებაში დაეხმარა. აღნიშნული რეკომენდაცია ევროსაბჭომ წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში შესრულებულ პუნქტად ჩათვლა.
„ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის წარმოება და მონაცემთა რეგულარული შეგროვება ცხადყოფს, რომ საქართველო სტამბოლის კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. ეროვნული კვლევა საკანონმდებლო და პოლიტიკის მიმართულებით მომუშავეთათვის ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ (EVAWGG), რომელიც 2020 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ოქტომბრამდე მიმდინარეობდა, მიზნად ისახავდა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად ხელსაყრელი გარემოს შექმნას, კანონმდებლობისა და პოლიტიკის გაუმჯობესებასა და ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთისა და რეაგირების ეფექტიანობის გაზრდას. ასევე, პროექტი ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერების, ნეგატიური გენდერული სტერეოტიპების, სოციალური ნორმებისა და დამოკიდებულებების გარდაქმნის მიმართულებითაც მუშაობდა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ