საქართველოს სავაჭრო პალატის მენეჯმენტი უზბეკეთის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოს სავაჭრო პალატის მენეჯმენტი უზბეკეთის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრისას, მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ორი ქვეყნის ბიზნესების დაახლოების საკითხები განიხილეს.
„შეხვედრა საქართველოში უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრისას გადაწყდა, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს სავაჭრო პალატის ორგანიზებით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნეს ფორუმი ჩატარდება. წელსვე, თბილისში უზბეკური პროდუქციის გამოფენა გაიმართება.
საქართველოს სავაჭრო პალატამ, უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, უზრუნველყო ქართულ ბიზნესთან საქმიანი შეხვედრები, როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ უზბეკეთის ეკონომიკური ბლოკის სხვადასხვა სამინისტროს, უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და სექტორული ასოციაციის წარმომადგენლები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.