სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება ხელმოსაწერად მზად არის – ერევანი

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადება იმის შესახებ, რომ სომხეთმა მიიღო აზერბაიჯანის წინადადებები სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის შეუთანხმებელ მუხლებთან დაკავშირებით.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
„სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური არხებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობა, რომ სომხეთის რესპუბლიკა იღებს „სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამშვიდობო შეთანხმების“ პროექტის შეუთანხმებელ ორ მუხლზე აზერბაიჯანის წინადადებებს და შესთავაზა ერთობლივი განცხადების გაკეთება სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის შეთანხმებისა და პროექტზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ.
ოფიციალურმა ბაქომ უპირატესობა მიანიჭა ერთპიროვნული განცხადების გაკეთებას.
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ „სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამშვიდობო შეთანხმების“ პროექტი შეთანხმებულია და პროექტზე მოლაპარაკებები დასრულებულია.
ამრიგად, სამშვიდობო შეთანხმება მზად არის გასაფორმებლად. სომხეთის რესპუბლიკა მზად არის აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ერთად განიხილოს შეთანხმების ხელმოწერის დროისა და ადგილის საკითხი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
იქამდე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ სომხეთმა მიიღო აზერბაიჯანის წინადადებები სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი