ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ფილიპინების პოლიციამ დააკავა, ნიდერლანდებში, ჰააგაში ჩაიყვანეს, სადაც მას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ბრალდება უნდა წაუყენონ.
როდრიგო დუტერტეს დაპატიმრება მოითხოვა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ. მართალია, ფილიპინებს ამ სასამართლოს წევრობა 2019 წლიდან დატოვებული აქვს, თუმცა სასამართლო აცხადებს, რომ დანაშაული იმ დროსაა ჩადენილი, როდესაც ქვეყანა მისი წევრი იყო და, შესაბამისად, მისი იურისდიქცია ამ ნაწილში ვალიდურია.
79 წლის დუტერტე შეიძლება გახდეს აზიური სახელმწიფოს პირველი ყოფილი მმართველი, რომელიც ჰააგაში სასამართლოს წინაშე წარდგება.
დუტერტეს ედავებიან, რომ მისი მმართველობისას (2016-2022 წლებში) ძალოვნებმა ათასობით ადამიანი მოკლეს “ნარკოტიკებთან ბრძოლის” კამპანიის ფარგლებში. აქტივისტების ცნობით, კლავდნენ ადამიანებს მხოლოდ ეჭვის ნიადაგზე, სასამართლო გადაწყვეტილებისა და ჩხრეკის ორდერის გარეშე.
დუტერტეს ასევე ადანაშაულებენ პოლიტიკურ დევნაში ოპონენტებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. დამოუკიდებელი მედიასაშუალების, რაპლერის დამფუძნებელი მარია რესა ფილიპინებში სწორედ დუტერტეს მმართველობისას დააკავეს და არაერთი ბრლაი წარუდგინეს.
როდრიგო დუტერტეს შესახებ მოთხრობილია მარია რესას წიგნში “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი”.
ის საქართველოში ფართო მასებისთვის პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესზე ამ წიგნით ხელში გამოჩნდა.
