,,მადლობა პოლიციას მყისიერი რეაგირებისთვის“ – რა შეემთხვა გიორგი ფხაკაძეს

პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,მადლობა პოლიციას მყისიერი რეაგირებისთვის.
გუშინ შუადღისას ჩემი მეგობრის მამის პანაშვიდზე მივდიოდი, საკმაოდ დამწუხრებული, და ყვავილებს ვყიდულობდი, როდესაც მძღოლმა მანქანა გააჩერა და მკითხა: „შენ ხარ ის კაცი, ვინც ეს COVID-ის ამბავი მოაწყო და შეგვაშინა?“
ვუპასუხე: „თუ გაქვთ შეკითხვები, სიამოვნებით გიპასუხებთ.“
ამის შემდეგ მან შეურაცხყოფა მომაყენა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი სიტყვებიც მითხრა.
ამ დროს კამერა ჩავრთე, გადავუღე მანქანას ფოტოები, ასევე გადავიღე თვითონ პიროვნება და მანქანაზე არსებული ნიშანი, რომელიც, როგორც მივხვდი, მიუთითებდა მის კავშირს რომელიღაც სამთავრობო სამსახურთან.
შემდეგ პოლიციას, 112-ს დავუკავშირდი და დეტალურად ავუხსენი სიტუაცია. მივაწოდე პირის მანქანის ნომერი, აღვნიშნე, რომ მან შეურაცხყოფა მომაყენა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარა გამოთქვა, და ვთხოვე, კანონის შესაბამისად გაეწიათ რეაგირება.
სასიამოვნოდ გამიკვირდა, რომ გლდანი-ნაძალადევის მე-9 სამმართველომ უსწრაფესად მოახდინა შესაბამისი რეაგირება. პიროვნება იდენტიფიცირებული იქნა, ყველა საჭირო ზომა გატარდა, ხოლო 24 საათში პოლიციამ დამიდასტურა, რომ კანონის ფარგლებში ყველა აუცილებელი ნაბიჯი გადაიდგა.
ეს შემთხვევა არა მხოლოდ საქართველოს პოლიციის მაღალი პროფესიონალიზმის დადასტურებაა, არამედ მნიშვნელოვანი გზავნილი ყველა დამნაშავესა და მოძალადისთვის – საქართველოს პოლიცია პროფესიონალურად და მტკიცედ ასრულებს თავის მოვალეობას.
ასევე, ეს მნიშვნელოვანი გაკვეთილია თითოეული ჩვენგანისთვის – არ უნდა მივმართოთ თვითნებურ ქმედებებს, არამედ ვენდოთ პოლიციის პროფესიონალიზმს და მივმართოთ სამართლებრივ გზებს. როდესაც ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, ჩვენი უფლება და ვალდებულებაა, დავეყრდნოთ კანონს და მის დამცველებს.
ამ წერილით განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პოლიციას, განსაკუთრებით კი გლდანი-ნაძალადევის მე-9 სამმართველოს, მათი ოპერატიულობისა და პროფესიონალიზმისთვის. თქვენი სწრაფი და ეფექტური მუშაობა მართლაც დასაფასებელია!“

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ახალაია პროკურორს – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია, ვინც მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა, მე ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ

ბაჩო ახალაია პროკურორს – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია ის, ვინც ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა და ვინც ჩემი ცოლ-შვილი მძევლად აიყვანა – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი