მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნატკოპოლიტიკა მკაცრდება. მისი თქმით ინიციატორი მიხეილ ყაველაშვილი.
„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ,,ლიბერალური ნარკოპოლიტიკა”, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების ფსიქიკას, მათ ჯანმრთელობას, გენოფონდს და არაფერი შეიძლება იყოს უფრო ანტიეროვნული, ანტიქართული, ვიდრე ,,ლიბერალური ნარკოპოლიტიკის” შედეგად გამოწვეული ძალიან მძიმე შედეგები“, – თქვა მან და დაამატა, რომ კანონის გამკაცრება ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებას. .
მამუკა მდინარაძემ ყურადღება გაამახვილა რეფორმის საკანონმდებლო მიმართულების ძირითად საკითხებზე და აღნიშნა, რომ ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არა თუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი, სასჯელი 12-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა იქნება.
მისივე თქმით, „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება და მოწესრიგდება მათთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები. კერძოდ, განისაზღვრება თუ ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი.
ამასთანავე, დადგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რითაც შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორისთვის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.
როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, 2025 წლის პირველი ივნისიდან – იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი, ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას სამი წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ხუთი წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
ცვლილებები, გამკაცრების მიმართულებით, შეეხება სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის სხვა შესაბამის ნორმებსაც.
მდინარაძეს, ცხადია, არ უსაუბრია, რა გზებით ხვდება ნარკოტიკის დიდი პარტიები საქართველოში, ისევე, როგორც არ უსაუბრია სახდეპის განცხადებაზე:
“ჰეროინი ირანიდან ფოთში” – კარტელები ნარკოტიკების ტრანზიტისთვის საქართველოს მარშრუტს აქტიურად იყენებენ – სახდეპი
