ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია სოციალურ ქსელში წერს:
გუშინ თავისუფლების მოედანი დავაფუძნეთ როგორც პოლიტიკური პარტია. აქამდე ის პოლიტიკური მოძრაობის ფორმით არსებობდა. დამფუძნებელ ყრილობაზე ჩემი მთავარი ფუნქცია იყო დამსწრეებისთვის პარტიის პროგრამული პრიორიტეტები ამეხსნა. ვინც არ იყავით და გაინტერესებთ, აქ არის ჩემი სიტყვის ტექსტი.
——————–
ძვირფასო სტუმრებო, თანამოქალაქეებო, თანამებრძოლებო, და მეგობრებო. მინდა მოგახსენოთ თავისუფლების მოედნის პროგრამული პრიორიტეტების შესახებ. ეს პრიორიტეტები განსაზღვრავს ჩვენ ყურადღების ფოკუსს, ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო პროგრამების შინაარსსა და თავისუფლების მოედნის მოქმედების არეალს. სამ ძირითად პრიორიტეტზე ვისაუბრებ:
აქედან პირველი, საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრებას ეხება. სამართლიანობის გარეშე შეუძლებელია დავიცვათ შრომის უფლებები, პასუხი ვაგებინოთ კორუმპირებულ პოლიტიკოსებს, დავიცვათ საკუთრება, შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, დავიცვათ სუსტები ძლიერების ძალმომრეობისგან, დავიცვათ საჯარო მოხელეები უკანონო დავალებებისგან და შევუნარჩუნოთ ღირსება ყველა ადამიანს, განურჩევლად მათი წარმომავლობისა.
სამართლიანობა იწყება იმ კანონების მიღებით, რომლებიც დემოკრატიის საზომს აკმაყოფილებს: კერძოდ, რომლებიც არ ლახავს ადამიანის უფლებებს, არ შეურაცხყოფს ადამიანის ღირსებებს; არ მიიღება უმრავლესობის მიერ უმცირესობის უფლებების ხარჯზე, ან მათ შესავიწროებლად; მიმართულია საზოგადო კეთილდღეობისკენ და არა კონკრეტული ადამიანების ძალაუფლების გასაზრდელად. რაც არ უნდა კარგი კანონი გვქონდეს, დამოუკიდებელი, სამართლიანი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიციის, პროკურატურისა და სასამართლოს გარეშე სამართლიანობის მიღწევა შეუძლებელი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის, ან იმ ხალხისთვის, ვისაც საქართველოსთან უნდა ჰქონდეს საქმე.
მეორე ჩვენი პრიორიტეტია საქართველოში უსაფრთხოების გაძლიერება, როგორც სახელმწიფო დონეზე, ისე თითოეული ინდივიდისთვის. გარდა იმისა, რომ ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ისეთი უსაფრთხოების სისტემების გაძლიერება, როგორიც არის საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველზე ჩვენი თავდაცვის პოტენციალის გაძლიერება, ასევე აუცილებელია ქვეყნის შიგნით საგანგებო მდგომარეობებზე ზრუნვა, მოხალისეების სისტემების, ბუნებრივ კატასტროფებთან გამკლავების შესაძლებლობების განვითარება.
თუმცა, უსაფრთხოების პერსპექტივა არ გულისხმობს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობაზე რეაგირებას. თითოეული ჩვენგანი თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს ყოველდღიურობაში და ხანგრძლივ პერსპექტივაშიც. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სახელმწიფო თავს არ დაგვესხმება იმის გამო, რომ განსხვავებული ხედვა გვაქვს.
ასევე, უსაფრთხოება ჩვენთვის ნიშნავს სოციალური უსაფრთხოების სისტემის არსებობასაც. დღეს ასიათასობით ქართველი ცდილობს ამოვიდეს იმ ჭაობიდან, იმ უფსკრულიდან, რომელშიც სიღარიბის, დაუცველობის, სოციალური შევიწროების გამოა ჩავარდნილი. ზოგს ხელი აქვს ჩაქნეული, ზოგი კი ამოსვლის დროს დასაყრდენს ვერ პოულობს, ბალახს ებღაუჭება, ისევ გაურკვევლობისკენ, დაუცველობისკენ ვარდება. ყველა მოქალაქეს, ღარიბს თუ მდიდარს უსაფრთხოების ეგრეთ წოდებული ბადის იმედი უნდა ჰქონდეს, რომელიც მის უბედურებისკენ ვარდნას შეაჩერებს და მას ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობისკენ დააბრუნებს.
ეს გვგონია ჩვენ ნამდვილი მშვიდობა და არა ის ლოზუნგები, რომლებიც, როგორც ვაცლავ ჰაველი დაწერს გასული საუკუნის 70-იანი წლებში, უძალო ადამიანებისთვის არის შექმნილი, რომ რეჟიმს, როგორც მორჩილები ეურთიერთონ.
ჩვენ ვაშენებთ მოედანს, სადაც სამართლიანი თამაშის წესები მოქმედებს, სადაც არსებობს კეთილსინდისიერი არბიტრი და სადაც შეკრებილი მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. ასეთი მოედანი, სადაც სამართლიანი თამაშის წესები მოქმედებს და სადაც უსაფრთხოებაა დაცული ხომ ციხეშიც შეიძლება ვიპოვოთ?!
ამიტომ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მოედანს თავისუფლების მოედანი ჰქვია. თავისუფლებაზე ზრუნვა ჩვენი მესამე პრიორიტეტია. თავისუფლების მოედანზე მოქალაქეებს აქვთ ყველა წინაპირობა, რომ ღიად, შეზღუდვების გარეშე აირჩიონ ის საქმიანობა, სულიერი განვითარების ის გზა, რომელიც მათ პირად და საზოგადოებრივ სიკეთისკენ წაიყვანს. თავისუფლებაში ჩვენ არა მხოლოდ ტირანიისგან დაცლილ ყოფას ვგულისხმობთ, არა მხოლოდ არასასურველ რეგულაციების ნაკლებობას, არამედ იმ აუცილებელი საწყისი პირობების არსებობასაც, რასაც შეუძლია უზრუნველყოს იმ შემოქმედებითი, სულიერი, ეკონომიკური, კულტურული საყრდენებით, რის საფუძველზეც შეგვიძლია ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრება უკეთესი გავხადოთ.
აქ შეიძლება იკითხოთ, სად არის ის სფერო, რომელიც ჩემთვის ყველაზე ახლოსააა? დიახ, განათლებაა ჩემი მთავარი პროფესიული ინტერესის სფერო.
მართალია მე ვფიქრობ, რომ განათლების პროცესი თავისთავად ღირებული რამ არის და ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული, ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და საინტერესო ნაწილია, ეს არ გამორიცხავს იმასაც, რომ განათლება ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ პირად და საზოგადოებრივ მიზნებს მივაღწიოთ. აქ ვაჟა ფშაველას სიტყვა მინდა გავიხსენო:
“საცა სწავლაა, ქალაქიც იქ არის, თვით უდაბნოც სწავლის ძალით უნივერსიტეტად გარდაიქმნება… შეგნებული მცოდნე საქმისა, თუ მთელი ერი არა, უმრავლესობა მაინც უნდა იყოს. სად არის ჩვენთან გრძნობა თავის დაცვისა? ან ფიქრი იმ მიზეზზე, რა მიზეზითაც დავძაბუნდით? რომ არც ერთია და არც მეორე, კიდეც იმიტომ არც ხეირია ჩვენკენ. შეგნება ხმალია ამ წუთისსოფლის ბრძოლაში, ხოლო გრძნობა თავის დაცვისა – ფარი.”
დიახ, სწორედ ეს განათლებაზე დაფუძნებული შეგნება და გრძნობაა მთავარი ფარი და ხმალი იმ სამივე პრიორიტეტის მისაღწევად რაც დავასახელე: სამართლიანობის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების. სწორედ ამ შეგნებითა და გრძნობით უნდა გავიაზროთ ჩვენი აწმყო, შევაფასოთ წარსული და განვსაზღვროთ ღირსეული მომავალი.
სიკო ჯანაშია
8 მარტი, 2025
სიტყვა პარტია თავისუფლების მოედნის დამფუძნებელი ყრილობისთვის.