თეატრალური უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი პროტესტში ჩართული რამდენიმე სტუდენტისთვის აქტიური სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.
გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რექტორის ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ არის გამოცემული. უნივერსიტეტის ცნობით, სტუდენტებს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება სამი სამუშაო დღის განმავლობაში შეუძლიათ.
“ეთიკის კომისიის მიერ 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე საჭიროდ ვთვლით განვმარტოთ: რექტორის მიერ ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ არის გამოცემული. სტუდენტებს აქვთ უფლება გაასაჩივრონ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება და წერილობით მიმართონ რექტორს, სამი სამუშაო დღის განმავლობაში. რექტორს აქვს ერთი თვის ვადა თითოეული სტუდენტის საქმის განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად”, – წერია განცხადებაში.
დღეს, 10 მარტს, დილით თეატრალური უნივერსიტეტის ათამდე გაფიცულმა სტუდენტმა მეილზე მიიღო შეტყობინება, რომ უნივერსიტეტმა მათ აქტიური სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტა.
როგორც ნეტგაზეთს სტუდენტებმა უთხრეს, მსგავსი შინაარსის მეილი მინიმუმ 8 სტუდენტმა მიიღო და ინფორმაციას კიდევ აზუსტებენ, შესაბამისად რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს.
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა 80 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში უწყვეტად რჩებოდა უნივერსიტეტის ფოიეში, ვიდრე გუშინ, 9 მარტს, მათივე თქმით, პოლიციის ძალით, იძულებით არ მოუწიათ შენობის დატოვება.
ჯერ კიდევ გუშინ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან, გაფიცვაზე, წერილობითი ნებართვის არარსებობის გამო პოლიციამ გაფიცული სტუდენტები 5000-5000 ლარით დააჯარიმა, დღეს კი იმავე სტუდენტებს აქტიური სტუდენტის სტატუსი შეუწყდათ.