დასავლეთი ზუსტად ისეთ „დემოკრატიულ” სახელისუფლებო ცვლილებებს გეგმავდა საქართველოში, რაც განახორციელეს უკრაინასა და სირიაში. მათ სინდისზეა ამ ქვეყნებში დაღვრილი სისხლი
სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დასავლეთის კავშირებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, შემაშფოთებელია ის უმოქმედობა, რასაც დასავლეთი იჩენს, როცა არათუ არ აჩერებს სისხლისღვრას, არამედ საშინელი მოვლენების დამგმობი განცხადებების გაკეთებისგანაც კი იკავებს თავს და დუმილს ირჩევს.
„შემზარავ ფაქტებს ვუყურებთ ბოლო სამი წელი უკრაინაში და დღეს უკვე სირიაშიც. თუკი უკრაინაში საკუთარი დანაშაული ომის პოლიტიკის ავტორებმა „პატრიოტიზმით” შეფუთეს, სირიაში ცდილობენ ეს საშინელი ფაქტები საპირისპირო მხარეს დააბრალონ და თავად ისევ „მშვიდობის მტრედებად” მოგვევლინონ. თუმცა, უკვე იმდენად გაშიშვლდა მათი პოლიტიკა, რომ საკუთარი ქვეყნების მოქალაქეებსაც კი ვეღარ ატყუებენ.
საოცარი ისაა, რომ აქამდე ფარისევლურ შეშფოთება-აღშფოთებას მაინც გამოხატავდნენ და ახლა სამარისებური დუმილი აქვთ. დავიჯეროთ, სინდისმა შეაწუხათ? არა, უბრალოდ მათსავე მოყვანილ ხელისუფლებას ხომ არ გალანძღავენ? რაღაც მცირედით შეიძლება გააკრიტიკონ, მაგრამ ესეც მხოლოდ ხალხის თვალის ასახვევად, ზუსტად ისე, როგორც იქცეოდნენ სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ.
პოლიტიკის დიდ თამაშებს ყოველთვის უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან, მაგრამ უკრაინის, ღაზის და ახლა უკვე სირიის მოვლენები ზედმეტად დიდი მსხვერპლია ახალი საუკუნის დასაწყისისთვის. ეს ის მსხვერპლია, რომელსაც რომელიმე მხარისთვის არც შედეგი მოუტანია და მსოფლიოც გაურკვეველ ქაოსში გახვია.
ჩვენ ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყანა გვტკივა. შემზარავია იმის გააზრება, რომ დასავლეთი ზუსტად ისეთ “დემოკრატიულ” სახელისუფლებო ცვლილებებს გეგმავდა საქართველოში, რაც განახორციელეს უკრაინასა და სირიაში. სწორედ მათ სინდისზეა ამ ქვეყნებში დაღვრილი სისხლი, რისი უფლებაც საქართველოში არ მივეცით,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.
