თქვენ თუ ტრამპის არჩევამდე ხედავდით, რომ ჩვენს ხელისუფლებას ურტყამდნენ ამერიკიდან და ევროპიდან, ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ-სთან ერთად მოკავშირე ვართ მშვიდობის პოლიტიკის დამყარების საქმეში
რადიკალურად არის შეცვლილი ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია. თქვენ თუ ტრამპის არჩევამდე ხედავდით, რომ ჩვენს ხელისუფლებას ურტყამდნენ, როგორც ამერიკიდან, ასევე ევროპიდან, ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მოკავშირე ვართ მშვიდობის პოლიტიკის დამყარების საქმეში. ეს დიდ ძალას გვაძლევს, თუმცა, არეულობას ახლა უკვე შიგნიდან ცდილობენ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინი წილოსანმა აშშ-ის პოლიტიკაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ქართველმა ხალხმა გაუძლო იმ არანორმალურ წნეხს და სიგიჟეს, რაც დასავლეთიდან და რიგი პოლიტიკოსებიდან, ასევე ბრიუსელიდან მოემართებოდა. ჩვენ ვიცით, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ხელისუფლებები არ გამოირჩეოდნენ ამგვარი რადიკალიზმით, თუმცა ბრიუსელი, სამწუხაროდ თავად ევროპის შიგნით, უნგრეთი იქნება ეს, სლოვაკეთი თუ ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი კრიტიკის ქარცეცხლში ხვდება და ეს ჩვენს თავზე გამოვიარეთ.
იყო საფრთხე, რომელიც გარედან მოდიოდა და რომელიც გვიბიძგებდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ გაგველაშქრა. ერთია ფიზიკურად გალაშქრება და ამ ომში ჩართვა და მეორეა სანქციებით და ეკონომიკური პროცესებით ჩართვა, რომელიც უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქვეყნისთვის იქნებოდა დამანგრეველი. ეს როცა გავიაზრეთ და მივხვდით, რომ სწორედ ეკონომიკური რეგრესისთვის და ჩვენი ეკონომიკის დანგრევისკენ იყო მიმართული ეს მოთხოვნები, რომელიც ქვეყნის გარედანაც ისმოდა. სამწუხაროდ ის ოპოზიციად წოდებული რადიკალები გვთხოვდნენ, რომ სანქციები დაგვეწესებინა. ეს სწორედ იმისკენ იყო მიმართული, რომ ადამიანებს საკუთარ თავზე და საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობაზე განეცადათ ეს დარტყმები“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.