„აფხაზური ეროვნების აღდგენის შესახებ“ კანონს მხარი „საზოგადოებრივმა პალატამ“ დაუჭირა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ს „საზოგადოებრივი პალატის“ წევრებმა მხარი დაუჭირეს „სამოქალაქო მდგომარეობის აქტების შესახებ“ კანონში ე.წ. პარლამენტის მიერ შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც „აფხაზური ეროვნების აღდგენის“ უფლებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების პროგრამა “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
შეხვედრა გაიმართა ეთნიკურ საკითხთა საზოგადოებრივი პალატისა და გალის რაიონის მცხოვრებთა „აფხაზეთის რესპუბლიკის ერთიან სოციალურ სივრცეში“ ინტეგრაციის კომისიის ფარგლებში. მას დავით ფილია თავმჯდომარეობდა.
“საზოგადოებრივმა პალატამ” კმაყოფილება გამოთქვა „დიდი ხნის მომწიფებული“ ცვლილებების მიღების გამო.
„ეს მოვლენა ჩვენი საზოგადოების ნაწილმა ორაზროვნად აღიქვა, რაც გასაგებია, ვინაიდან ეროვნების და გვარების გადაკეთების თემა საკმაოდ მგრძნობიარეა, ის ეხება ეროვნული იდენტობის ფაქიზ სფეროს, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დღევანდელ პირობებში, რთულ გეოპოლიტიკურ რეალობაში ასოცირდება აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებასთან. აფხაზეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს საკანონმდებლო აქტი გახდება სტიმული ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ ეთნიკურად აფხაზებს, რომლებიც მე-19-20 საუკუნის ტრაგიკული მოვლენების მსხვერპლთა პირდაპირი შთამომავლები არიან, ექნებათ აფხაზური ეროვნების დამადასტურებელი გვარები”, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე კანონის საწინააღმდეგო პოზიცია გამოხატა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულმა ვეტერანთა საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „არუაამ“.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ გვარებისა და ეროვნების მექანიკური შეცვლა საშუალებას მისცემს გალის რაიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, მასობრივად მიიღონ „აფხაზეთის მოქალაქეობა“.
მიღებული ცვლილებების ინიციატორი ოპოზიციონერი კან კვარჩია იყო. კანონის მიღებას სხდომაზე დამსწრე 35 დეპუტატიდან 29-მ დაუჭირა მხარი.
დოკუმენტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ მოქმედ კანონმდებლობაში არის ხარვეზი. ცვლილების შედეგად კი „აფხაზური ეროვნული კუთვნილების“ და გვარის აღდგენის უფლება უნდა მიეცეთ „აფხაზეთის რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც არიან ეთნიკურად აფხაზები (აბაზა), იმ პირთა პირდაპირი შთამომავლები, რომლებმაც XIX–XX საუკუნეების ისტორიული მოვლენების შედეგად დაკარგეს აფხაზური ეროვნება (აბაზა).
2022 წლის მარტში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც „აფხაზური ეროვნული კუთვნილების“ აღდგენის შესაძლებლობას იძლეოდა. შემდეგ კი ის დაჩქარებული წესით გააუქმეს. იმ დროს ოპოზიცია ე.წ. ხელისუფლებას ადანაშაულებდა, რომ მისი მიზანი იყო „აფხაზეთის მოქალაქეობის“ მასობრივად მინიჭება გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ