“ქალები რეჟიმის წინააღმდეგ!” – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საპროტესტო მარშები გაიმართება

“ქალები რეჟიმის წინააღმდეგ!” – ამ სახელწოდებით დღეს, 8 მარტს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საპროტესტო მარშები გაიმართება.
თბილისში აქციის მონაწილეები 19:30 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან; ქუთაისში 19:00 საათზე, მე-3 სკოლასთან; ბათუმში 18:00 საათზე, მემედ აბაშიძის 48 (გაზეთ “ბათუმელების” ოფისთან).
“2025 წლის 8 მარტს საქართველოში პირველად ვხვდებით ქალ პოლიტპატიმრებთან ერთად – მზია ამაღლობელი, ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლი და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა დღეს. მასთან ერთად, არც სხვა ქალები ვეგუებით საქართველოში ჩამოყალიბებულ ავტორიტარიზმსა და პოლიციურ რეჟიმს, რომელმაც დაამწყვდია უდანაშაულო ადამიანები ციხეში, უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, შეურაცხყოფას აყენებდა მოშიმშილე მზია ამაღლობელს, აწამა მშვიდობიანი მანიფესტანტები და თავისი ყოველდღიური ქმედებით მიჰყავს საქართველო სულ უფრო და უფრო ღრმა კრიზისამდე. სწორედ ამ რეჟიმის წინააღმდეგ, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, რომელსაც ქალთა მოძრაობა ყოველწლიურად ვუძღვნით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ქალები რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბებით და რუსთაველისკენ მსვლელობას გავმართავთ. ამ პროტესტს ქალის ხმა აქვს! შემოგვიერთდით და ერთად გავაგონოთ რეჟიმს გაბრაზებული ქართველი ქალების ხმა!” – ნათქვამია განცხადებაში.