კულტურის მინისტრი ანდრო ჭიჭინაძეზე: ველოდებოდი, რომ ჩვენი გუნდის ნაბიჯზე იქნებოდა ადეკვატური რეაგირება

რუსთავი ორის კითხვაზე, როგორ აპირებს კულტურის სამინისტრო მსახიობების სცენაზე დაბრუნებას მაშინ, როცა სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძე ისევ პატიმრობაში დატოვა, მინისტრი თინათინ რუხაძე პასუხობს, რომ “ადამიანურად ემოციები ყველას გვაქვს” და “ყველანი განვიცდით”. მისი თქმით, ანდრო ჭიჭინაძესთან კომუნიკაცია ჰქონდა სამინისტროს და მმართველ გუნდს და ელოდებოდა, რომ “ჩვენი გუნდიდან გადადგმულ ნაბიჯზე იქნებოდა ადეკვატური რეაგირება”.

“ჰო, ანდროს თემა… ჩვენ ყველა ადამიანები ვართ, პოლიტიკოსებიც, მინისტრებიც, ადამიანები ვართ და პირველ რიგში ეს არ უნდა დავკარგოთ. ადამიანურად ემოციები ყველას გვაქვს და მითუმეტეს, ახალგაზრდა ნიჭიერ ადამიანს როდესაც ხედავ, რომ ასეთ მდგომარეობაშია, ამ ადამიანების ბედს ყველანი განვიცდით და ახალს არაფერს არ ვიტყვი, ქვეყანაც პატარა გვაქვს და ყველას გვაქვს რაღაცა…

მე პირადად არ ვიცნობ, მაგრამ კომუნიკაციაზე იყო სამინისტრო ყველა დროს, რასაკვირველია, იყო მმართველი გუნდი და ჩვენი გუნდი და ჩვენი გუნდის ლიდერებმაც გააკეთეს განცხადებები ამ თემაზე და სულ ველოდებოდი, რომ ჩვენი გუნდიდან გადადგმულ ნაბიჯზე იქნებოდა ადეკვატური რეაგირება და მე ახლა ამაში ვერაფრით ვერ შევალ. პროცესი უკვე დაწყებულია, სასამართლოში მიმდინარეობს და ისევე, როგორც სხვა ადამიანები, მეც ვუყურებ ამ პროცესს ამ პრინციპით – ვნახოთ, როგორ განვითარდება.

რასაკვირველია, მინდა გითხრათ, რომ ამ პერიოდში იყო რამდენიმე ისეთი შემთხვევა, რომელში ასევე ვიყავით კომუნიკაციაში მაქსიმალურად ჩართულები, რომ გაგვერკვია, რა და როგორ იყო და სადაც შესაძლებლობა იყო, მაქსიმალურად კანონის დაცვით… ჩვენ ვერცერთ სხვა უწყებაზე გავლენას ვერ ვიქონიებთ, ჩვენ ჩვენი დარგი და სფერო გვაბარია, თუმცა, ადამიანურად ყველას მხარში ვედექით როგორც შეგვეძლო” – თქვა რუხაძემ რუსთავი ორის ეთერში.

სავარაუდოდ კულტურის მინისტრი მამუკა მდინარაძის განცხადებას გულისხმობს, რომელმაც 20 იანვარს თქვა, რომ შეუძლია, ანდრო ჭიჭინაძეს “თავდებშიც კი” ჩაუდგეს, “თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა”.

“კარგი მსახიობია ძალიან და ბევრს უყვარს როგორც მსახიობი, მათ შორის ქართული ოცნების მომხრეებსაც და ბევრი საერთო ახლობელი, მეგობარი აღმომაჩნდა. საქართველოა, თბილისია და მე ვთქვი, მე შემიძლია ამ ადამიანს თავდებშიც კი ჩავუდგე-მეთქი, თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას და თუ იტყვის, კი ბატონო.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჩვენგანი, მარტო კი არ არის მაგარი ბიჭი, ვიღაცას თავდებში უდგება და მერე გამოხტებიან ვიღაცები, რად გვინდა შენი თავდებობაო. ნებისმიერი ჩვენგანი, ქართული ოცნების ნებისმიერი წარმომადგენელი მზად ვართ, ვუშუამდგომლოთ, თავდებში ჩავუდგეთ, თუ რა ფორმითაც გნებავთ” – ამბობდა მდინარაძე.

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ივანიშვილის წარმომადგენლის “შეთავაზებას” წერილით გამოეხმაურა – “მამუ, ძაან საყვარელი ხარ, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ უდანაშაულო ადამიანზე ლაპარაკობ” .

წყარო