ბასილაშვილის შესანიშნავი სტარტი – ნიკოლოზმა ამერიკელ მეტოქეს ადვილად სძლია და ინდიან უელსის მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრწყინვალე სტარტი აიღო.
ჩვენებური ამერიკელ 28 წლის კრისტოფერ იუბენკსს დაუპირისპირდა, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 104-ე ნომერია და ორ სეტში ადვილად, 6:2, 6:4 სძლია. ქართველმა 4 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ერთხელ დაკარგა. მის ანგარიშზე არცერთი ეისი და 1 ორმაგი შეცდომა მოდის.
ტურნირის ძირითად ბადეში შესვლისთვის დღეს ნიკოლოზი თბილისის დროით 23:30 საათიდან 32 წლის იაპონელ მსოფლიოს 160-ე ნომერ იასუტაკა უჩიამას შეხვდება.
შეხსენებისთვის, ბასილაშვილისთვის ინდიან უელსის მასტერსი კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად გასახსენებელი ტურნირია.
2021 წელს ჩვენებური ამ ტურნირის ფინალშიც იმყოფებოდა და ბრიტანელ კამერონ ნორისთან დამარცხდა.