„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე გიორგი ბაჩიაშვილი, – რომელსაც ივანიშვილი ბოლო წლების განმავლობაში დაუპირისპირდა და პროკურატურაში უჩივლა, – აცხადებს, რომ იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.
„უდიდესი წუხილით და უსამართლობის განცდით ვაცხადებ საქართველოდან ჩემი იძულებითი წასვლის შესახებ“, – წერს ბაჩიაშვილი ფეისბუკზე.
ბაჩიაშვილს 2023 წლიდან აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება და საქართველოს საზღვრის კვეთა და ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტი.
ჯერ უცნობია, სად გაემგზავნა ბაჩიაშვილი და რა გზით.
გიორგი ბაჩიაშვილი წერს, რომ მიიღო „სანდო ინფორმაცია“ მისი უსაფრთხოებისათვის შექმნილი „რეალური საფრთხეების“ შესახებ, რასაც, მისი თქმით, „დღევანდელ საქართველოში შეიძლება სასიკვდილო მნიშვნელობა ჰქონდეს“.
დღეს, 4 მარტს 9:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩიაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იყო დანიშნული, რომელიც 14:00 საათამდე გადაიდო.
„ციხეში, აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ… იმ ციხეში სადაც ივანიშვილმა გაჭყლეტვა შემომითვალა“, – წერს ბაჩიაშვილი.
„მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის კრიმინალური გეგმა ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, მე მაინც გავრისკე და ბოლომდე გავაშიშვლე მისი ნამდვილი სახე. ივანიშვილის რეჟიმი სრულიად გავიდა სამართლის და დემოკრატიის პრინციპებიდან, შესაბამისად ჩემი წასვლა არა უკან დახევა, არამეტ ერთადერთი საღი გამოსვალია“, – წერს ის ფეისბუკზე.
ბრალდება და 2.5-მილიონიანი გირაო
გიორგი ბაჩიაშვილს ორ საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული: „კრიპტოვალუტების მითვისების“ საქმესა და „მტკვარი ჰესის“ საქმეზე, – ორივე შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი ფიგურირებს.
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პირველი საქმე ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წლიდან არის აღძრული.
პროკურატურა – ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე – გიორგი ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის ბიტკოინის მითვისებას ედავება. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მლნ ლარის გირაოს გადახდა შეუფარდა.
„მტკვარი ჰესის“ საქმეზე, – რაც ამ საქმეში თავიდანვე ფიგურირებდა, ბიზნესმენს ბრალი 2025 წლის 25 თებერვალს წაუყენეს და ამ შემთხვევაშიც გირაო შეუფარდეს – ამჯერად 50 000 ლარი.
ახალი ბრალდების თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილს ედავებიან ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე „სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობას“.
„კრიპტოვალუტების საქმეზე“ მას 9-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, „მტკვარი ჰესის“ საქმესთან დაკავშირებით წარდგენილი ბრალდება კი 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ფორუმი
