მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა – გონივრული პოლიტიკით, დავდექით მტკიცედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად და გავაკეთეთ და გადავდგით ისეთი ნაბიჯები, რომელიც, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის იყო მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის შემდეგ, გამოაშკარავდა ის ძალები და ადამიანები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ვისაც სურდათ ომი.
„ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის პოლემიკისა და შეხვედრის შემდეგ, კიდევ უფრო გამოაშკარავდა თუ ვინ იყვნენ ის ძალები და ის ადამიანები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ვისაც სურდა ომი, ვისაც ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა სურდა და ვისაც სურდა ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ჩამოშლილიყო, მიერთებოდა სანქციებს. ეს რა თქმა უნდა, პირდაპირ გამოიწვევდა ეკონომიკის ჩამონგრევას, რისი სურვილიც ჰქონდა მავანს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივიღეთ ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, კრიტიკა, ცილისწამება, მუქარები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რა თქმა უნდა, გონივრული პოლიტიკით, დავდექით მტკიცედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად და გავაკეთეთ და გადავდგით ისეთი ნაბიჯები, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის იყო მნიშვნელოვანი, ეკონომიკური განვითარებისთვის იყო მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. როგორც იცით, არსებობს ქვეყნის გარეთ ძალები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ქვეყანაში ამ უსამშობლო რადიკალებს როგორ უნდა იმოქმედონ, რა განცხადებები უნდა გააკეთონ, რა არის მათი მთავარი მიზანი და მოტივაცია, როგორ დააზიანონ ქვეყანა, დააზიანონ ქვეყანაში მშვიდობა. ეს ყველაფერი, რასაც ვხედავთ და ვხედავდით, იმართებოდა გარედან. პირდაპირ მითითებები კეთდებოდა, უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა ამ ყველაფერში, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანასა და ჩვენი ქვეყნის მომავალს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
