ვახტანგ ძაბირაძე – “ჩემი აზრით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ჩუმი კაპიტულაცია გამოუცხადა რუსეთს”
აფხაზი ოპოზიციონერების ნაწილი “საქართველოში გასაქცევად” ემზადება – რუსების ღია ჩარევა და მორიგი მარიონეტის გამარჯვება ე.წ. მეორე ტურში
ლაშა ძებისაშვილი – “ამერიკა აღარ არის დასავლური სამყაროს დასაყრდენი ძალა”
* * *
ვახტანგ ძაბირაძე – “ჩემი აზრით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ჩუმი კაპიტულაცია გამოუცხადა რუსეთს”
“ჩანს, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი პრეზიდენტების შეხვედრამდე ვერ მოგვარდა და ეს შეხვედრაც ჩაიშალა – ზელენსკისთვის აბსოლუტურად არაფრისმომცემია დაპირება, რომ აშშ თუ მიიღებს წვდომას უკრაინულ წიაღისეულზე, ეს იქნება უსაფრთხოების გარანტია. ზელენსკი დათმობაზე არ მიდის, რამაც მის მიმართ დიდი თანაგრძნობა გამოიწვია. ამ დაპირისპირებამ გამოაფხიზლა ევროპა. კაია კალასმა თქვა, თავისუფალი სამყარო ახალ ლიდერს საჭიროებს და ეს ფუნქცია ევროპამ უნდა იკისროს. გარდა ამისა, მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების: მაკრონის, სტარმერის, მერცისა და სხვათა ძალიან მწვავე განცხადებები. ევროპა აცხადებს, რომ არ მიატოვებს უკრაინას და მიაწვდის შეიარაღებას და გაუწევს სხვა ტიპის დახმარებასა”, – აცხადებს ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სალომე ზურაბიშვილის გეგმა ქაღალდზე მისაღებია, მაგრამ…”
“როგორც ჩანს, ახალი ეტაპი დგება ევროპისა და აშშ-ის ურთიერთობაში. ამერიკა იყო თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ტრამპმა კი ბოლო ხანს ისე გადასწია ისრები, რომ აშშ ლიდერობიდან უფროსობის პოზიციაზე გადადის. ზელენსკისთან შეხვედრაზეც ტრამპი წარმოჩნდა არა როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერი, არამედ როგორც მბრძანებელი. ლიდერობასა და უფროსობას შორის დიდი განსხვავებაა – ლიდერი ქვეყანა გუნდს უთანხმებს გადაწყვეტილებებს, უფროსი კი ერთპიროვნულად წყვეტს და შემდეგ ამის შესრულებას ცდილობს. მან უკრაინისა და ევროპის გარეშე დაიწყო მოლაპარაკება რუსეთთან, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. ამან მაშინვე გააღიზიანა ევროპა. როგორც ჩანს, ეს დაპირისპირება კიდევ გაგრძელდება. ტრამპი, ჩემი აზრით, ძალიან რთულ ვითარებაშია. ეს პროცესი ჯერ ახლა დაიწყო და ამას ამერიკაშიც ძალიან მძიმე რეაქცია მოჰყვება. უკვე გავრცელდა არაერთი სენატორის თუ გუბერნატორის განცხადება, მათ შორის რესპუბლიკელებისაც,” – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ტრამპს, როგორც ჩანს, ძალიან მარტივად წარმოუდგენია ყოველივე, მაგრამ ასე არ არის, თუნდაც მისი ლაპარაკი, რომ ომს სწრაფად დაასრულებს და თურმე მშვიდობა ზელენსკის არ სურს. ზელენსკისა და უკრაინაზე მეტად ომის დასრულება არავის უნდა, მაგრამ მათ სჭირდებათ გარანტიები, რომ რუსეთის აგრესია უფრო მასშტაბურად არ იფეთქებს გარკვეული დროის შემდეგ. ისე, ცოტა სასაცილოდაც კი ჩანს ტრამპის ნათქვამი, რომ პუტინს თურმე ომის დასრულება სურს, ზელენსკის კი – არა… უჩვეულო პროცესებია დასავლეთში. ტრამპმა ვითარება უკიდურესად აურია, რომლის დალაგებაც ძალიან გაძნელდება. ვფიქრობ, ცოტა ხნის შემდეგ ტრამპი ისევ შეეცდება ვერ გაიხსენოს ზელენსკისთან ეს შეხვედრა და მისი და ჯეი დი ვენსის განცხადებები, ისევე, როგორც ცოტა ხნის წინ ვითომ დაავიწყდა, რომ ზელენსკის “დიქტატორი” უწოდა. მას აუცილებლად მოუწევს მოვლენების გადაფასება და საკუთარი მიდგომების გადახედვა”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ევროპას აქვს დიდი პოტენციალი იმისთვის, რომ დაიწყოს გადაიარაღება და იზრუნოს თავდაცვის გაძლიერებაზე აშშ-ისგან დამოუკიდებლად. რაც შეეხება ტრამპის ნათქვამს, რუსეთისგან ლამაზი ოკეანე გვაშორებსო, ალბათ, დაავიწყდა, რომ არსებობს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც ამ ლამაზ ოკეანეს ძალიან კომფორტულად გადალახავენ, თუ ამას გადაწყვეტენ კრემლი, ჩინეთი ან ჩრდილოეთი კორეა… საქართველოსთვის საფრთხეები, ძირითადად, რუსეთიდან მომდინარეობს. აქამდე ძალიან მარტივი არჩევანი გვქონდა, ვიდრე “ქართული ოცნება” რაღაც წიაღსვლებს დაიწყებდა ამ მიმართულებით. ჩვენ ვცდილობდით, რაც შეიძლება მეტი უსაფრთხოების გარანტია მიგვეღო დასავლელი პარტნიორებისგან, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” ეს ყველაფერი შეცვალა და დღეს ამ ხელისუფლების პოლიტიკიდან გამომდინარე, გაუგებარია უსაფრთხოებისთვის რამე კეთდება თუ არა ქვეყანაში. ჩემი აზრით, არც არაფერი, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ჩუმი კაპიტულაცია გამოუცხადა რუსეთს”, – ამტკიცებს ექსპერტი.
“ხომ ხედავთ, რა ხდება აფხაზეთში, როგორ მიდის სარკინიგზო და საჰაერო ხაზების გახსნა რუსეთთან, თუმცა საქართველოს ხელისუფლების რეაგირება ნულის ტოლია. სიჩუმე და კაპიტულაცია – აი, ეს არის სულ მაგათი უსაფრთხოების პოლიტიკა. ჩვენი ხელისუფლების გადამკიდე ისე გამოდის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება მხოლოდ რუსეთის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ჩვენი ადგილი ევროპაშია და უსაფრთხოების გარანტიებიც ევროპიდან უნდა მივიღოთ. თუმცა არც აშშ-ს იგნორირება შეიძლება. ამ გართულებული ვითარების მიუხედავად, ჩვენ ცოტა შორს უნდა გავიხედოთ. დარწმუნებული ვარ, ტრამპს თავის მოქმედებებში კორექტივების შეტანა მოუწევს, ოთხი წლის შემდეგ კი საერთოდ წავა, თუ მანამდე არ გაისტუმრეს. თუ ასე გააგრძელა, ვერ გამოვრიცხავ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასაც. რა თქმა უნდა, აშშ-თან ურთიერთობა უნდა შენარჩუნდეს, თუმცა მთავარი სამიზნე ჩვენთვის მაინც ევროპაა, რომელმაც ბოლო მოვლენების შემდეგ აშკარად გამოიღვიძა. დიდი იმედი მაქვს, რომ საკუთარი უსაფრთხოების ახალ და ძლიერ ქოლგას შექმნის და უნდა ვეცადოთ, რომ ამ ქოლგის ქვეშ ჩვენც აღმოვჩნდეთ”, – დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.
“სალომე ზურაბიშვილის გეგმა ქაღალდზე ნორმალური და მისაღებია, მაგრამ როგორ შეძლებს ოპოზიცია მის რეალიზებას, საკითხავია. “ქარტიაზეც” მოაწერეს ხელი, მაგრამ ქაღალდზე დარჩა ის ხელმოწერები, ყველამ თავისი დღის წესრიგით იმოქმედა… ამ ხნის განმავლობაში პროტესტი გრძელდება და დარწმუნებული ვარ, გაზაფხულზე უფრო გააქტიურდებიან პროტესტანტები. თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ეს პროცესი მიილევა, ძალიან ცდება. ხელისუფლება ჩქარობს, სურს როგორმე დასრულდეს პროტესტი, რადგან შიშობს, რომ მალე პოლიტიკურ კრიზისს ეკონომიკური წამოეწევა. აი, მაშინ კი ხელისუფლება ურთულეს მდგომარეობაში ჩავარდება. ამ საზოგადოებრივ პროტესტს ზუსტად იმიტომ ვერ უხერხებს ვერაფერს, რომ მას პოლიტიკური ლიდერები არა ჰყავს. ამიტომ გადავიდნენ პროტესტანტების მასობრივ დაჯარიმებაზე. საზოგადოებრივ პროტესტს სიახლეები სჭირდება, აუცილებელია ახალი ელემენტების შეტანა, სტრუქტურირება, არის ძალიან ბევრი საზოგადოებრივი თუ პროფესიული ჯგუფი, საჭიროა მათი კოორდინაცია, რაც, ჩემი აზრით, შეუძლია სალომე ზურაბიშვილს”, – მიიჩნევს რესპონდენტი.
“მან უფრო აქტიურად უნდა იმოქმედოს. მან თქვა, რომ არ არის ოპოზიციის გაერთიანებისა და ერთიანი სიების მომხრე. მეც მიმაჩნია, რომ ეს სულაც არ არის საჭირო, მაგრამ საზოგადოებრივ პროტესტს, სულ ცოტა, კოორდინაცია სჭირდება. ხელისუფლების პროპაგანდა თავისი ტროლ-ბოტების ფაბრიკებით თუ სამთავრობო ტელევიზიებით ძალიან ძლიერია, ოპოზიციური ტელევიზიები კი ჯერჯერობით პარტიულ ინტერესებს ვერ გასცდენიან და ვერ აღწევენ ე.წ. ნეიტრალური ამომრჩევლის თვალსაწიერში, განსაკუთრებით, რეგიონებში. საჭიროა სუსტი წერტილების პოვნა და მის დაძლევაზე ზრუნვა. არავის გვინდა ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისამდე მივიდეს, რადგან მისგან თავის დაღწევა ძალიან გაგვიჭირდება, ეკონომიკურ კრიზისს შეიძლება მოჰყვეს უმართავი პროცესები, რაც დამანგრეველი იქნება ქვეყნისთვის, ამიტომ ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. რაც შეეხება “ოცნების” საარჩევნო შესაძლებლობებს, მეტ-ნაკლებად პატიოსნად ჩატარებულ არჩევნებში მას უმრავლესობის მოპოვების შანსი არა აქვს, თუმცა პირველ ადგილზე, ალბათ, გავა. რაც შეეხება არჩევნების ჩატარების პირობებს, საარჩევნო ცვლილებებისა და გაყალბებისგან დაცვის მექანიზმების გარეშე ვადამდელ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას აზრი არა აქვს”, – განმარტავს ექსპერტი.
“ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური ძალიდან არ ჩანს ერთი პარტიაც კი, რომელიც სერიოზულ მეტოქეობას გაუწევს “ქართულ ოცნებას” და დაამარცხებს. მეტიც, ჩემი შეფასებით, ასეთი ძალა პერსპექტივაშიც არ ჩანს, თუმცა ვიმეორებ, არჩევნების პატიოსნად ჩატარების შემთხვევაში “ქართული ოცნება” მარტო მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს! ვხედავთ, ხელისუფლება როგორ ჩქარობს, ცდილობს ე.წ. კანონიერების ფარგლებში მოაქციოს ეს რეპრესიული სისტემა. ყველაფერი – საკანონმდებლო ცვლილებები, გადმოწერილი “ფარა”, ჯარიმები და ა.შ. მიმართულია იმისკენ, რომ შეიზღუდოს მედია, გამოხატვის საშუალებები. ყველაფერს აკეთებენ კრიტიკული აზრის ჩასახშობად. საქმე ის არის, რეპრესიებისთვის შექმნილი კანონით დასჯა სულაც არ ნიშნავს სამართლიან გადაწყვეტილებას. კანონის სახელით იყო საბჭოთა რეპრესიებიც, “ხალხის მტრის” იარლიყით უამრავი უდანაშაულო ადამიანი მოკლეს, საბჭოთა სამშობლოს ღალატს აბრალებდნენ ადამიანებს და ხვრეტდნენ ან ასახლებდნენ, მაგრამ ის კანონები იყო თვითონ უკანონო და უსამართლო”, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
“ამერიკული “ფარას~ გადმოაწერა ავიღოთ – ის ათწლეულების წინ არის მიღებული, მაშინ იყო აქტუალური, მას შემდეგ კი მსოფლიო მრავალჯერ შეიცვალა, დღეს სულ სხვა პოლიტიკური ვითარებაა. პარლამენტი იმისთვის არსებობს, რომ კანონმდებლობა დღევანდელობას მოარგოს და არა პირიქით, “ოცნება” დღეს სწორედ ამას ცდილობს, რომ დღევანდელობა მოარგოს თითქმის საუკუნის წინ მიღებულ კანონს. თუმცა ესეც პროპაგანდისთვის კეთდება, რომ მერე იძახონ, ამერიკული კანონმდებლობით გსჯითო. მედიასთან დაკავშირებითაც იგივე ხდება. ხომ ამბობენ, რომ ბრიტანული კანონით უნდა დაარეგულირონ ქართული მედია. ჯერ ჯერ ბრიტანულ დემოკრატიას შეედარონ და მერე დაწერონ მედიის შესაზღუდი კანონები. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი საქართველოში ვერ იმუშავებს, პროტესტს ვერ შეაჩერებს, როგორც არ უნდა დაკეტონ მედიასაშუალებები, არსებობს ინტერნეტი, სოციალური სივრცე. არა მგონია, ამით საზოგადოება დაშინდეს. ერთპიროვნული მმართველობისკენ სწრაფვა საქართველოს თითქმის ყველა ხელისუფლებას ჰქონდა ჩვენი ახალგაზრდა დამოუკიდებელი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ამასვე ცდილობს ივანიშვილის “ოცნება”. ვიდრე სახელმწიფოს რეალურ, სისტემურ გარდაქმნას არ დავიწყებთ, სამწუხაროდ, ეს პრობლემა სულ იქნება”, – დასძენს ძაბირაძე.
აფხაზი ოპოზიციონერების ნაწილი “საქართველოში გასაქცევად” ემზადება – რუსების ღია ჩარევა და მორიგი მარიონეტის გამარჯვება ე.წ. მეორე ტურში
“ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკიდურესი დაძაბულობის ფონზე წარიმართა. იყო ე.წ. საარჩევნო უბანზე თავდასხმისა და შეიარაღებული დაპირისპირების ფაქტიც. ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველადი შედეგების გამოქვეყნებაც მაქსიმალურად გაწელა. რუსეთი კი უკვე ღიად ჩაერთო პროცესებში – აფხაზეთში მომხდარ ინციდენტსა და ანტისომხურ გამოსვლებზე დე ფაქტო უწყებების ნაცვლად, საქმეები რამდენიმე მუხლით უშუალოდ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა. ასლან ბჟანიას გუნდის წევრი და რუსეთის მიერ ღიად მხარდაჭერილი ბადრა გუნბა გამაჯვებას ზეიმობს. ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგებით სწორედ ის გახდა დე ფაქტო პრეზიდენტი ხმათა 54.73%-ით, მისმა მეტოქემ, ოპოზიციონერმა ადგურ არძინბამ 41.5% მიიღო. აქტივობა კი უჩვეულოდ მაღალი იყო – 70%. დამარცხებული არძინბა ჯერჯერობით დუმს – მას არც დამარცხება უღიარებია და არც “არჩევნების” გაყალბების შესახებ გაუკეთებია განცხადება. სწორედ მას და მის გუნდს ედავება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ოკუპირებულ აფხაზეთში ანტისომხური ისტერიის გაღვივებას და გაგრის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე შეიარაღებულ თავდასხმას, რაზედაც საქმე ტერორიზმის მუხლითაა აღძრული”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით აფხაზი ოპოზიციონერების ნაწილი “საქართველოში გასაქცევად” ემზადება / რუსების ღია ჩარევა და მორიგი მარიონეტის გამარჯვება ე.წ. მეორე ტურში.
“ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა, შემდგომი დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, არძინბას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვას და მის გუნდის წევრებისა და მხარდამჭერების დევნაც დაიწყოს. გუნბასგან კი კრემლი ელოდება მისთვის სასარგებლო კანონების ბოლომდე გატანას, რომელიც ეხება ბიჭვინთის აგარაკებს, აპარტ-ოტელებსა და რუსი ოლიგარქების ინვესტიციებისთვის შეღავათიანი პირობების შექმნას. ზაქარეიშვილის შეფასებით, “არაა გამორიცხული, რომ ახლა ოპოზიცია არჩევნების გამო არ გაბრაზდეს, რადგან თვალში საცემია გუნბას წარმატება. მაგრამ აი, თუ “პარლამენტში” ხელახლა შემოიტანეს ეს სამი თემა, ამან შეიძლება ხელახლა გამოიწვიოს მღელვარება”. სომხების ეთნიკური შევიწროების მოტივით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოკუპირებულ აფხაზეთში გამოძიება დაიწყო, როცა არძინბას მომხრეებმა ღიად დაიწყეს აფხაზეთში მცხოვრები სომხების დადანაშაულება იმაში, რომ პირველ ტურში მათ პრინციპულად არ დაუჭირეს მხარი არძინბას… ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მეორე ტურში აქტივობა 70% იყო, ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა 100 412-მა ადამიანმა მიიღო, აქედან 2 065-მა აფხაზმა არც ერთ ე.წ. კანდიდატს არ დაუჭირა მხარი”, – აღნიშნავს გამოცემა.
“აფხაზური “ტელეგრამ” არხები წერენ, რომ ბევრი ე.წ. საარჩევნო უბნის შესასვლელთან გაურკვეველი სტატუსის მქონე შეიარაღებული პირები იდგნენ. ყველაზე ხმაურიანი ინციდენტი კი დაახლოებით 19:30-ზე, უბნების დახურვამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა, როდესაც შეიარაღებული პირები გაგრის რაიონის დაბა განთიადის #2 სკოლაში გახსნილ “საარჩევნო უბანს” დაესხნენ თავს, დააზიანეს “საარჩევნო ყუთი”, ბიულეტენები, “საარჩევნო დოკუმენტები”, შემდეგ კი, ავტომობილით გაქცევა სცადეს. თუმცა ე.წ. სამართალდამცავებმა “მიუსერას” საგუშაგო გადაუკეტეს, თავდამსხმელებმა მათი მიმართულებით გახსნეს ცეცხლი, საპასუხო სროლის შედეგად ორი პირია დაჭრილი, მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. მედიის ცნობით, დაჭრილთაგან ერთ-ერთი ნურიკ სმირია, “პრეზიდენტობის” კანდიდატ ადგურ არძინბას ნათესავი. ბადრა გუნბას შტაბმა მომხდარში ადგურ არძინბას მომხრეები დაადანაშაულა, ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმაში დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილეობდა”, – განაგრძობს გამოცემა.
“მსგავსი ინციდენტები ოკუპირებული აფხაზეთისთის ახალი არ არის, თუმცა ამჯერად მნიშვნელოვანი ისაა, რომ აფხაზეთში ე.წ. წესრიგის დაცვა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აიღო თავზე და არა დე ფაქტო შესაბამის უწყებებმა. რუსეთმა აქტიურად ჩართვის მიზეზად დაასახელა ის, რომ ორივე ე.წ. კანდიდატი რუსეთის მოქალაქეა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თქმით, განთიადში მომხდარ დაპირისპირებაზე საქმე აღძრულია “რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლით (ტერორისტული აქტი). მათივე ცნობით, არძინბას და მისი მხარდამჭერების ყველა ქმედება “მაქსიმალურად მკაცრად არის კლასიფიცირებული” და ნებისმიერი აქცია, ან პროტესტი “ტერორიზმის ხელშეწყობად” ჩაითვლება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სპეციალური წარმომადგენელი სვეტლანა პეტრენკო დამატებით აცხადებს, რომ მეორე ტურის მიმდინარეობისას “დაფიქსირდა სიცოცხლის ხელყოფის მუქარის და ნების გამოვლენის ხელის შეშლის რამდენიმე ფაქტი”, – დასძენს გამოცემა.
“სოციალური ქსელებით იგრძნობა, რომ პროცესში რუსეთის უსაფრთხოების ძალების ჩართვამ აფხაზური საზოგადოების პრორუსულ ფრთას ოპტიმიზმი გაუჩინა. ტელეგრამ არხი “აპსნი 360”, რომელიც გუნბას უჭერს ღიად მხარს, წერს და მოლოდინი აქვს, რომ “მთელი კრიმინალური ჰიდრა საბოლოოდ დაიშლება, ყველა ნაციონალისტური და ექსტრემისტულ-ტერორისტული განწყობილება ცხელი შანთით ამოიწვება”. აფხაზური ტელეგრამ არხი “ასტანდა ნაშეპტალა” წერს, რომ არძინბას მთავარი მოკავშირე, მისი ბიძაშვილი და ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ადამირ ფაჩალია (მეტსახელად “ფაჩახა”), რომელიც “ჩართული იყო პოლიტიკოსის კამპანიის ძალისმიერ მხარდაჭერაში”, უკვე გეგმავს “გაქცევას საქართველოში”. მათივე ცნობით, “სწორედ მან მოაწყო შეიარაღებული თავდასხმები საარჩევნო უბნებზე იმ იმედით, რომ არჩევნებს ჩაშლიდა”, თუმცა, რუსეთის უშიშროების ძალების აქტიური ჩართვისა და საკუთარი უსაფრთხოების გამო, “გეგმები სასწრაფოდ შეიცვალა”. ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ე.წ. კანდიდატებს შორის დიდი სხვაობაა და აშკარად ბადრა გუნბას გამარჯვება ჩანს, რაც დიდი ალბათობით სომხური დიასპორის აქტივობამ გამოიწვია. მისი თქმით, პროცესში ყველაზე უჩვეულო ის, არის რომ გამოძიებებში რუსეთი უშუალოდ ჩაერთო, რაც ნიშნავს იმას, რომ კრემლმა მოსალოდნელ პროტესტზეც იზრუნა და ახლა არძინბას მომხრეების დაკავებების სერიას დაიწყებს”, – წერს სტატიის ავტორი.
“მიუხედავად იმისა, რომ გაყალბება, მანიპულაცია და ზემოქმედება იყო, გუნბასა და არძინბას შედეგებს შორის 14%-ია განსხვავება. ეს მაინც დიდი პროცენტია და აშკარად ჩანს, რომ გუნბამ გაიმარჯვა. მეც ვფიქრობდი, რომ გუნბა გაიმარჯვებდა, მაგრამ არა ასეთი უპირატესობით. 2004 წლის შემდეგ, პირველად თვალშისაცემი იყო პოლარიზაცია, არჩევნების მიმართ უნდობლობა და გაყალბების ფაქტები. აფხაზეთის ტერიტორიაზე დე ფაქტო არჩევნები მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად ტარდება ხოლმე. როგორც წესი, მხარეები ანგარიშს უწევდნენ შედეგებს და ეჭქვეშ არ აყენებდნენ და პროტესტს არ აცხადებენ. მაგრამ ახლა აშკარად ჩანს, რომ სერიოზული დარღვევები იყო. მიუხედავად ამისა, გუნბამ ნამდვილად მიაღწია წარმატებას. გაყალბებაც რომ არ ყოფილიყო, განსხვავება დაახლოებით 5-6% იქნებოდა გუნბას სასარგებლოდ. მოსალოდნელია, რომ დაძაბულობა არ ჩაცხრება. აქ ერთი მომენტია, რაც არასდროს არ ყოფილა – რუსეთი ძალიან უტიფრად ჩაერთო. ადრე რუსეთი ყოველთვის გავლენას ახდენდა, მაგრამ ასე ღიად ჩართული არ ყოფილა, როგორც მესამე მხარე”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“ადრე ორივე “კანდიდატს” მხარს უჭერდა, ახლა კი სისხლის სამართლის საქმეები აღძრა ეთნიკური სომხების წინააღმდეგ წარმოებული გამოსვლების გამო. ს ძალიან სერიოზული გამოწვევაა, რაც აძლიერებს განხეთქილებას სომხებსა და აფხაზებს შორის და ეს შეგნებულად კეთდება. რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ თუ სომხებს მხარი დაუჭირა, ამით აფხაზებს კიდევ მეტად გააღიზიანებს. ამას შეგნებულად და სპეციალურად აკეთებს, რომ დაძაბულობა შეიტანოს. ანტისომხური კამპანიები გაგრძელდება. აფხაზურ საზოგადოებაში ადრეც არ იყო სიმპათიები სომხების მიმართ, მაგრამ რაღაცნაირად დადებითად ფუთავდნენ. ახლა ანტისომხური ჯინი ბოთლიდან გამოვიდა და მისი უკან შედენა არ გამოუვათ, რადგან რუსეთი უწყობს ამას ხელს. გუნბა რუსეთს არაფერში არ სჭირდებოდა გარდა იმისა, რომ აფხაზეთმა უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც ბჟანიას დროს იყო რუსეთის წინაშე – ბიჭვინთის მიწა უნდა გადაეცეს რუსებს საბოლოოდ, რომელიც ჯერ კიდევ დაუმთავრებელი თემაა; ასევე აპარტ-ოტელების დაკანონება – მშენებლობა დაიწყო, მაგრამ დაკანონებული არაა და ეს არის რუსი ოლიგარქებისთვის შეღავათიანი პირობების შექმნა აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამის წინაღმდეგ წავიდა აფხაზური საზოგადოება და ბჟანია გაისტუმრა, მაგრამ ბჟანია გუნბას სახით დაბრუნდა”, – განმარტავს კონფლიქტოლოგი.
“შესაბამისად, რუსეთი მოსთხოვს, რომ პირობები შეასრულოს. ახლა რუსეთი იმ ლიდერების დაპატიმრებებს დაიწყებს, ვინც შემჩნეულები არიან სომხური თემის წინააღმდეგ გამოსვლებში. ბევრ მათგანს რუსეთის მოქალაქეობას ჩამოართმევს, აუკრძალავს რუსეთში გადაადგილებას, აღძრავს სისხლის სამართლის საქმეებს და პრაქტიკულად გუნბას წინასწარ მოუმზადებს ნიადაგს, რათა ხალხი ქუჩაში არ გამოვიდეს, როცა ისინი ე.წ. პარლამენტში განიხილავენ ამ საკითხებს. დაძაბულობა გაგრძელდება, როგორც შიდა აფხაზური – გუნბა-არძინბას შორის, ასევე ეთნიკური სომხების წინააღმდეგ, რაც რუსეთს აწყობს, ამაზე ხელს მოითბობს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ყველაფერი გაუვა. არაა გამორიცხული, რომ ახლა ოპოზიცია არჩევნების გამო არ “გაბრაზდეს”, რადგან თვალშისაცემია გუნბას წარმატება. მაგრამ აი, თუ “პარლამენტში” ხელახლა შემოიტანეს ეს სამი თემა, ამან შეიძლება ხელახლა გამოიწვიოს მღელვარება. ამას ალბათ რამოდენიმე თვეში ვნახავთ”, – მიიჩნევს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი.
“არძინბამ ახლა ან უნდა მიულოცოს გუნბას, ან გააკრიტიკოს და გასაკრიტიკებელი ცოტა რამაა, რადგან ფაქტია, რომ წარმატებას ვერ მიაღწია. რაც მთავარია, არძინბას ხალხს ბრალდება არეულობები. ახლა დაიწყება პროცესები არძინბას წინააღმდეგ. უკეთეს შემთხვევაში, ალბათ, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთმევა, უარეს შემთხვევაში შეიძლება ტერორიზმი დაბრალდეს. ადრე აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენებიც მოუკლავთ და მაშინ არ აღუძრავთ რუსებს სისხლის სამართლის და ახლა ათობით საქმე აღძრეს, როცა სომხები აფხაზეთის მოქალაქეებიც არიან და აფხაზეთის მოქალაქეებს შორის არის დაძაბულობა. ეს ძალიან უცნაური რამაა, რასაც აშკარად პოლიტიკური სარჩული აქვს, რომლის ამოცანაა როგორმე შუღლი გააღრმავოს. ასე ჩანს, რომ სადაც სროლა იყო, იქ მეტწილად სომხები აძლევდნენ ხმას. საბოლოო ჯამში, როცა ბიულეტენები გამოქვეყნდება, ანალიზი აჩვენებს სომხების ხმებმა რა გარდატეხა შეიტანა, მაგრამ ყველაფერი აქეთკენ მიდის და ჩანს, რომ სადაც სომხები ცხოვრობენ, იქ ცალსახად და მკაფიოდ გუნბამ გაიმარჯვა. ანალიზის შემდეგ თუ გამოჩნდა, რომ სუფთა აფხაზურ რაიონებში არძინბამ გაიმარჯვა, მაშინ დადასტურდება, რომ სომხების ხმები გადამწყვეტი იყო”, – დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.
ლაშა ძებისაშვილი – “ამერიკა აღარ არის დასავლური სამყაროს დასაყრდენი ძალა”
“ეს იყო ტრამპის ადმინისტრაციის პროვოკაციული სცენარი, რაც თავიდანვე ჩანდა – როცა ზელენსკი თეთრ სახლში შედიოდა, ტრამპი დახვდა და ჩაცმულობაზე ირონიულად მიანიშნა. პრესკონფერენციაზეც ერთმა დამსწრემ ჰკითხა, კოსტიუმი რატომ არ გაცვიათო, უკვე ჩანდა, რომ ეს დამცირების ერთ-ერთი ტაქტიკა იყო. შემდგომ რაც მოხდა, კატასტროფაა ამერიკისთვის… ეს საგანგაშო სიგნალია ევროპისთვის, სამხრეთ კორეისთვის, ავსტრალიისა და ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებსაც შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნათ – იქით ჩინეთია, ტაივანი, სადაც შეიძლება ანალოგიური სიტუაცია განმეორდეს, რაც უკრაინაში მოხდა. წარმოიდგინეთ, რას ფიქრობენ იაპონელები, კორეელები და ტაივანელები, თუ რა ელით ჩინეთისგან. ჩათვალეთ, რომ აშშ-ის სანდოობა განადგურებულია. ეს ქვეყნები ჩათვლიან, რომ ამერიკა მათი მოკავშირე აღარ არის და დაიწყებენ ყველაზე ცუდი სცენარისთვის მომზადებას. ამერიკამ, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერმა, ამ საქციელით საკუთარ თავს სასიკვდილო დარტყმა მიაყენა. ამერიკა აღარ არის დასავლური სამყაროს დასაყრდენი ძალა”, – აცხადებს ანალიტიკოსი ლაშა ძებისაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ამერიკა აღარ არის დასავლური სამყაროს დასაყრდენი ძალა”.
“ამ ადმინისტრაციას გადაწყვეტილი აქვს ავტორიტარიზმის გზით იაროს. ვიცე-პრეზიდენტ ვენსის მესიჯები პირდაპირ კრემლის იყო, ერთი-ერთზე გაიმეორა, რომ უკრაინა დანგრეულია, რომ უკრაინელი ჯარისკაცები არ იბრძვიან და ძალით მიჰყავთ ომში… იმის მაგივრად, ზეწოლა თავდამსხმელ პუტინზე მოეხდინათ, ვინც თავს იცავს, იმას შეუტიეს. ზელენსკი თუ პუტინს უნდა დანებდეს, თუ უკრაინას ტერიტორია დასათმობი აქვს, ხალხი გასაყვანი ჰყავს, ჯარი გასაუქმებელი, რაში სჭირდება ტრამპი, თვითონაც შეუძლია ამის გაკეთებაო, ასეთი ლოგიკური კითხვა დაისვა შეხვედრაზე. როგორც ჩანს, ახალი ადმინისტრაციის მიზანი არ არის ამერიკის, როგორც დემოკრატიული სამყაროს ლიდერის როლის გაგრძელება, მისი მიზანია ავტორიტარიზმისა და დიქტატურის დამყარება და აქედან გამომდინარე, დიქტატორები ერთმანეთს კარგად უგებენ – პუტინი იქნება, სი ძინპინი თუ ტრამპი, მათთვის მთავარი მტერი დემოკრატიული სამყაროა და არა ერთმანეთი. ის, რასაც ტრამპი აკეთებს, მშვენივრად ჯდება რუსეთის ინტერესებში. ის, რომ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყდება, ამის მოლოდინი არის და ამ შეხვედრის შემდეგ ასეც იქნება. როგორც ირკვევა, 1 კვირის წინ თავდაცვის მდივანმა ჰეგსეტმა ბრძანება გასცა და რუსეთის წინააღმდეგ პენტაგონის კიბეროპერაციები შეაჩერა. ჩემი გადმოსახედიდან, ამერიკის შიგნიდან განადგურება მიდის”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ძებისაშვილი
“სულ რომ თავი დავანებოთ ტრამპის თითქოს აგენტობას (რაზეც საუბრობენ), ის რადიკალურად განსხვავდება ყველა წინამორბედისგან. ტრამპი პოლიტიკური სივრციდან არ არის მოსული და არც პოლიტიკური განათლება აქვს. პოლიტიკის ფუძემდებლურ პრინციპებს თუ იზიარებ, მთლიანად ქვეყნის ან საერთაშორისო პოლიტიკის აყირავებას არ გამოიწვევ, მით უმეტეს, როცა გლობალური დონის ძალა ხარ. ტრამპს სულ სხვა მიზნები, სხვა ღირებულებები აქვს, მისთვის ამერიკული პოლიტიკური სისტემა აბსოლუტურად უცხოა. მას სურს ამ პოლიტიკური სისტემის დანგრევა, უამისოდ ვერ განიმტკიცებს ერთპიროვნულ მმართველობას. არჩევნების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში, თუ არ ვცდები, ტაკერ კარლსონთან, პირდაპირ თქვა, ხომ შეიძლება ერთი დღით მაინც ვიყო დიქტატორი, სულ ერთი დღე მინდა, მეტი არაო (ხუმრობით თქვა, თუ ნახევრად ხუმრობით, ეს ღმერთმა უწყის). მის პირველ დღეებს თუ გადავხედავთ, მიხვდებით, რომ ამერიკის არც ერთ პრეზიდენტს ამდენი აღმასრულებელი ბრძანება არ გამოუცია. აღმასრულებელი ბრძანებით ამერიკა არ იმართება. ეს მეტყველებს, რომ ტრამპი არ აპირებს კონსულტაციას არც სენატთან, არც კონგრესთან, რაც მას უნდა, იმას გამოსცემს და ელოდება, როდის შესრულდება”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ბევრი მისი ბრძანება არაკონსტიტუციურია და სასამართლოებმა შეაჩერეს, ახლა ამ ბრძანებების გამო რიგი დგას სასამართლოებში. მისი გუნდი კონსერვატორების ბანაკებიდან კი არ არიან, შეთქმულების თეორიების მომხრე ხალხია, ადვილად ექცევიან რუსული დეზინფორმაციის გავლენაში, იზიარებენ, რომ ამერიკაში არსებული პოლიტიკური სისტემა კი არ უნდა გაჯანსაღდეს, უნდა დაინგრეს. მათ აქვთ გეგმა, რომელსაც თავდაპირველად ერქვა “გადავწვათ ვაშინგტონი”, ანუ ამ გეგმით გათვალისწინებულია ამერიკული პოლიტიკური სისტემისა და ბიუროკრატიის გაწმენდა. ამ დღის წესრიგში შედის სატარიფო ომი მთელ მსოფლიოსთან, მათ შორის, ევროკავშირთან. აქედან გამომდინარე, ასეთი ხალხი უფრო კარგად გაუგებს პუტინს, სი ძინპინს, ხოლო ზელენსკისა და დანარჩენ მსოფლიოს ამერიკის მტრებად და დიქტატორებად მიიჩნევს. ტრამპი ამავე დროს ისეთი ადამიანია, რომელსაც უნდა სწრაფი შედეგები და ეს თუ არ დაინახა, შეიძლება თავისი გუნდის წევრები ხელთათმანებივით გამოიცვალოს (როგორც წინა ადმინისტრაციის დროს”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“უნდა დაველოდოთ, ტრამპის გუნდსა და რესპუბლიკურ პარტიაში რომელი ბანაკი უფრო მეტ გავლენას მოიპოვებს, იქნება ეს MAGA-ს ბანაკი, რომელიც ახლა ტრამპს აკონტროლებს, თუ რესპუბლიკურ პარტიაში მოხდება განხეთქილება, საღად მოაზროვნე რესპუბლიკელები განზე გადგებიან და ძველი გავლენის დაბრუნებას დაიწყებენ. ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რა მოხდება ფედერალური შტატების დონეზე, იმიტომ, რომ ერთია პრეზიდენტი, მაგრამ შტატებში მისი უფლებები შეზღუდულია, ამიტომ რა მოხდება შტატებში, როგორ გაიზრდება წინააღმდეგობა ტრამპის პოლიტიკასთან, ესეც საინტერესოა. ეს წინააღმდეგობა დღითი დღე მატულობს და უკავშირდება მის რადიკალურ გადაწყვეტილებებს – საყოველთაო ჯანდაცვის გაუქმებას, სახელმწიფო მოხელეების გათავისუფლების შესახებ რადიკალურ გადაწყვეტილებას, სადაც ასიათასობით მოხელეს დაითხოვენ და წარმოიდგინეთ, როცა 60 მილიონი კაცი საყოველთაო ჯანდაცვის გარეშე რჩება, რა შედეგი შეიძლება ამან მოიტანოს. ყველაფერი 3-4 თვეში გამოჩნდება. სენატის შუალედური არჩევნებისკენ გამოიკვეთება საყოველთაო განწყობა მოსახლეობასა და პარტიაშიც და ამის მიხედვით გადაწყდება ტრამპის საკითხი”, – ამტკიცებს ლაშა ძებისაშვილი.
“ტრამპს ერთი რამ არ უნდა დავუკარგოთ – მან კარგად იცის, თუ არ დადგება ის შედეგი, რაც სურს, შეუძლია 180 გრადუსით შემოატრიალოს პოლიტიკა, ის ხალხი, რომელიც აქამდე ახლდა, სახლებში გაუშვას და ახლები მოიყვანოს. ამ მხრივ მას არც შეზღუდვები აქვს, არც სინდისის ქენჯნა, ასეთი ფსიქოტიპია. ერთი მხრივ, სურს სწრაფად გაატაროს მისთვის სასურველი პოლიტიკა და მეორე მხრივ, სწადია აღიარებდნენ როგორც მეფეს. უნდა დავაკვირდეთ, რას მოიმოქმედებს ტრამპი: 1. გაგრძელებს თუ არა შეიარაღების მიწოდებას უკრაინისთვის; 2. უკრაინასა და ევროპასთან ერთად რაიმე შეთანხმება თუ დაიდება და იქ გამოჩნდება, აშშ-მა გასცა თუ არა გარანტიები; 3. შეამცირებს თუ არა ნატოში ყოფნას, როგორც ეს ორჯერ სურდა – 2018 და 2020 წლებში, ან გაიყვანს თუ არა ამერიკას ნატოდან (ეს ჯერ კიდევ 1988 წლიდან აქვს გაცხადებული). შემცირდება თუ არა აშშ-ს ჯარების ყოფნა ევროპის კონტინენტზე, გაგრძელდება თუ არა რუსეთის სანქცირება – უფრო გამძაფრდება თუ შერბილდება. უნდა დავაკვირდეთ, რა მოხდება ზაფხულამდე და შემდგომ შეიძლება დასკვნის გამოტანა”, – დაასკვნის ძებისაშვილი და შეკითხვაზე – “ახლა რა ელის უკრაინას?” – პასუხობს:
“ცუდია, თუ ამერიკა შეწყვეტს უკრაინის დახმარებას. უკრაინას აქვს გარანტია, რომ მას მხარს უმაგრებს ევროპა როგორც ფინანსურად, ახლა უფრო და უფრო სამხედრო დახმარებითაც. პრობლემა ის არის, რომ შეიარაღების მთელ რიგ კატეგორიებში ევროპას არ შეუძლია სამხედრო პოტენციალის ასე სწრაფად ჩანაცვლება, რასაც აქამდე აშშ უზრუნველყოფდა, სამაგიეროდ, ევროპას შეუძლია ამ შეიარაღების კომპენსირება სხვა ტიპის დახმარებით, სხვა ტიპის შეიარაღებით, პლუს უკრაინული სამხედრო ინდუსტრიის ხელშეწყობით. დაველოდოთ საბოლოოდ რა გაიმარჯვებს _ აშშ-ის საღი აზრი, თანამშრომლობის სურვილი ევროპასთან თუ ეგოიზმი, პირადი წყენები და ამის შედეგად გადაყირავდება საერთაშორისო წესრიგი.
