აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების გზა რუსეთთან მოლაპარაკებაა. მისი თქმით, 3-წლიანი ომის განმავლობაში ეს ვერ ან არ მოახერხეს ევროპის ქვეყნებმა და აშშ-ს წინა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ. თუმცა, ამის გაკეთება სურს აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.
“აქ არავინ ამტკიცებს, რომ ვლადიმირ პუტინი წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას მიიღებს. ან, რომ ის არის კაცი, რომელმაც უნდა უხელმძღვანელოს ჰუმანიტარული ასოციაციას. რასაც ჩვენ ვამბობთ არის ის, რომ ის მართავს უზარმაზარ ქვეყანას. ისინი სრულ საომარ მზადყოფნაში არიან. ისინი მშვიდობის ფონზე ახლა იარაღს ამზადებენ ომისთვის. ჩვენ გვჭირდება გავარკვიოთ, რა გზით შეიძლება შეჩერდეს ომი. ამის ერთადერთი გზა არის რუსების ჩართვა მოლაპარაკებებში. ის, რაც რაც ევროპელებმა ვერ მოახერხეს, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ მოახერხა ან არც კი სცადა. ეს არის ჩვენი მიზანი. ასე მარტივად. შეგვიძლია ვცადოთ მათთან დაჯდომა და გარკვევა, რა მოთხოვნები აქვთ რუსებს? რა პირობებით ისურვებდნენ ისინი ომის შეჩერებას? როგორც ვთქვი, ჩვენ ეს არ ვიცით, რადგან მათთან 3 წელია არ გვილაპარაკია. ერთადერთი მიზანი არის კონფლიქტის დასრულების მცდელობა და ეს დაიწყება მათი მოლაპარაკების მაგიდასთან დასმით, როგორც ნებისმიერი ზავი, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება ნებისმიერ ადგილას მსოფლიოში. ასეთი შეთანხმებები უნდა იყოს რეალიზებადი და მტკიცე. უნდა არსებობდეს მექანიზმები მათ შესასრულებლად – ეს ყველას ესმის. თუმცა, ყველაფერი პირველი ნაბიჯით იწყება. ეს არის მოლაპარაკებები, რათა დავინახოთ, არის თუ არა ეს შესაძლებელი. რადგან, თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ის, რასაც ვხედავთ, არის განგრძობადი ჩიხი, როცა ათასობით ადამიანი კვდება, მილიარდობით დოლარი იხარჯება და იზრდება სიკვდილი და ნგრევა და ეს არ არის ის, რისი მონაწილეც პრეზიდენტს [დონალდ ტრამპს] სურს, რომ იყოს. მან ეს ძალიან ნათლად თქვა”, – განაცხადა რუბიომ ABC NEWS-ის ეთერში.
.@SecRubio: “The sooner everyone grows up around here and figures out that this is a bad war that’s heading in a bad direction… the more progress we’re going to be able to make. But @POTUS is crystal clear… he is going to be a president that tries to achieve peace.” pic.twitter.com/4dp8Pcplfz — Rapid Response 47 (@RapidResponse47) March 2, 2025
28 თებერვალს, თეთრ სახლში, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა მწვავე რეპლიკების ფონზე წარიმართა. ტრამპმა ზელენსკი უპატივცემულობაში დაადანაშაულა, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა კი მას მიუთითა, რომ საკმარისი მადლიერება არ გამოუხატავს იმ დახმარებისთვის, რასაც აშშ-ს უკრაინას უწევს. თავის მხრივ, ზელენსკიმ აშშ გააკრიტიკა იმის გამო, რომ კომპრომისზე წასვლას სთხოვენ პუტინთან გარანტიების გარეშე.
საბოლოოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი დაგეგმილზე ადრე დატოვა ისე, რომ ე.წ. მინერალების შეთანხმება არ გაფორმებულა.
ორი დღის შემდეგ, 2 მარტს, ევროპის ქვეყნების ლიდერები, ასევე, ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელი პირები, კანადის პრემიერ-მინისტრი და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლონდონში, სამიტზე შეიკრიბნენ, სადაც უკრაინის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მასპინძელმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ომის ისინი იმუშავებენ ომის დასრულების გეგმაზე და შემდეგ განიხილავენ მას აშშ-სთან. თუმცა, სტარმერმა დასძინა, რომ მართალია, სამშვიდობო მოლაპარაკებების სიმძიმე საკუთარ თავზე ევროპამ უნდა აიღოს, მაგრამ, შეთანხმებას აშშ-ს მხარდაჭერა დასჭირდება.
