კრემლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ცვლილებას დადებითად შეხვდნენ და განაცხადეს, რომ გეოპოლიტიკაზე ამერიკული ხედვა “დიდწილად ემთხვევა” რუსეთის ხედვას. კრემლის ოფიციალურ განცხადებას POLITICO ავრცელებს.
“აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია სწრაფად ცვლის საგარეო პოლიტიკის ყოველ კონფიგურაციას. ეს დიდწილად ემთხვევა ჩვენს ხედვას”. – თქვა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
პესკოვის კომენტარის პარალელურად ევროპელი ლიდერები ვაშინგტონსა და კიევს შორის მზარდი განხეთქილების გამოსწორებას ცდილობენ მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა უპრეცენდენტოდ მწვავე დებატებში გადაიზარდა.
POLITICO-ს ცნობით, პესკოვმა ასევე მოიწონა გასულ დღეებში გაეროში აშშ-ს მიერ იმგვარი რეზოლუციის წარდგენა, რომელიც რუსეთს აგრესორს არ უწოდებდა და უკრაინაში მიმდინარე ომზე ნეიტრალურ პოზიციას შეიცავდა. პესკოვმა აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ამ ქმედებას უწოდა ისეთი რამ, “რისი წარმოდგენაც აქამდე [წინა ადმინისტრაციების პერიოდში] შეუძლებელი იქნებოდა”.
ცნობისთვის, 28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრა გაიმართა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ტრამპის მინისტრთა კაბინეტს შორის.
მოსფლიოს მასშტაბით პირდაპირ რეჟიმში გადაცემული შეხვედრა უპრეცენდენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა ტრამპს, ზელენსკისა და ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა