მელია: შეფასებების დიდი ნაწილი “ოცნების” პროპაგანდის წისქვილზე ასხამს წყალს

“შეფასებების ძალიან დიდი ნაწილი ახლა ოცნების პროპაგანდის წისქვილზე ასხამს წყალს და იმის საშუალებას აძლევს, რომ ჩვენი ემოციური შეფასებები გამოიყენოს ჩვენ წინააღმდეგ”, – ამ განცხადებას სოციალურ ქსელში პარტია “ახალის”ერთ-ერთი ლიდერი აკეთებს ზელენსკისა და ტრამპის გუნდის საჯარო კამათზე ქართული გამოხმაურებების შესახებ, რომელიც თეთრ სახლში წუხელ გაიმართა.
მელიას თქმით, უნდა გვახსოვდეს, ადმინისტრაციების ცვლის მიუხედავად, ამერიკა იყო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და უსაფრთხოების მთავარი გარანტი. იყო და ასეთად რჩება კიდეც – ქართველი ხალხის მეგობრად.
“ფაქტია, ოცნებამ მინიმალური კომუნიკაციაც კი ვერ დაამყარა ახალ ადმინისტრაციასთან, მოგვწონს თუ არა კომუნიკაციის ფორმები, რასაც ვხედავთ, მოგვწონს თუ არა რომ ის რაც შესაძლოა ხდებოდეს და მომხდარა დახურულ კარს მიღმა, ხდება ღია ეთერში – შინაარსი და ამოცანები უცვლელია.
კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ, არც სრული ფსონის დადება და ინაუგურაციაზე დიდი მოლოდინებით წასვლა და შესაბამისი მოლოდინების ხალხში შექმნაა გამოსავალი და მითუმეტეს არც ის, 18 იანვარს ინაუგურაციაზე მყოფი, დღეს რომ აკრიტიკებ.
ვართ მარათონულ ბრძოლაში, ვიცით მიზანი და თანმიმდევრულად მივიწევთ ამ მიზნისკენ. საქართველოს ბედი საქართველოში გადაწყდება, გვჭირდება პარტნიორები და მხარდაჭერა.
ასეთივე თანმიმდევრულობით იქნება მუშაობა ქვეყნის გარეთ, პარტნიორებთან, რომ მათთან სწორად მივიდეს ქართველი ხალხის ხმა, მათი ნება და იმ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც დამყარდება უახლოეს თვეებში, საქართველოს ჰქონდეს თავისი დამსახურებული ადგილი.
გუშინდელ შეხვედრაზე, არაფერი გადაწყვეტილა წიაღისეულის შეთანხმებასთან დაკავშირებითაც კი – ვნახეთ პროცესი, რომელიც იყო იმაზე ღია, ფართო საზოგადოებისათვის, ვიდრე ოდესმე ყოფილა…
მოთმინებით დაველოდოთ გაგრძელებას, მეორეს მხრივ კი გვახსოვდეს, ჩვენი ეროვნული ინტერესები, ამოცანები, რომელიც მისაღწევია და რომლისკენაც თანმიმდევრულად და დაუღალავად უნდა ვიაროთ, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ”, – წერს მელია.
თეთრ სახლში უკრაინისა და -ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა და დიალოგი მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ტრამპმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ზელენსკიმ უპატივცემულობა გამოავლინა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა დღეს თეთრ სახლში. ბევრ რამეს გაიგებ ასეთ შეხვედრაზე ისეთს, რასაც ვერასდროს მიხვდები საუბრის გარეშე ასეთ წნეხსა და დაძაბულობაში. შესანიშნავია, რომ ემოციებით ბევრ რამეს ავლენს. მე მივხვდი, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის, თუ ამერიკა ჩაერთვება საქმეში, რადგან მას ჰგონია, რომ ჩვენი ჩართულობა დიდ უპირატესობას აძლევს მოლაპარაკებებში. მე არ მინდა უპირატესობა, მე მინდა მშვიდობა. მან უპატივცემულობა გამოავლინა შეერთებული შტატებისადმი ჩვენთვის ძვირფას ოვალურ კაბინეტში. შეუძლია მაშინ დაბრუნდეს, როცა მშვიდობისთვის იქნება მზად“, — განაცხადა ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.
რამდენიმე დღით ადრე ტრამპმა ზელენსკი დიქტატორად მოიხსენია. მერე კი, ჟურნალისტის კითხვის პასუხად, აღნიშნა, რომ არ სჯერა, უკრაინის პრეზიდენტს დიქტატორს არ უწოდებდა.
უკრაინის პრეზიდენტმა მ, თეთრ სახლში ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯეიდი ვანსთან დაძაბული შეხვედრის შემდეგ, ტელეკომპანია FOX-ის ეთერში ისაუბრა.
„გაგვიჭირდება თქვენი დახმარების გარეშე. თქვენი ხალხი ჩვენს ხალხს გადარჩენაში ეხმარება. ამიტომ ვართ აქ. ვწუხვარ იმ კამათის გამო [რაც თეთრ სახლში მოხდა]“, — თქვა ზელენსკიმ.