ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა სავალდებულო პირველ რიგში მსხვილი მომხმარებლებისთვის იქნება – დავით ნარმანია

საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი 2024 წლის პირველი ივლისიდან მოქმედებს. 2025 წლის 1 ივლისამდე ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა ნებაყოფლობითია.
დამტკიცებული კონცეფციის მიხედვით, ივლისიდან საბალანსო ბაზარი უნდა გაიხსნას და ზოგიერთმა ბაზრის მონაწილემ ბირჟაზე სავალდებულო წესით უნდა ივაჭროს.
ენერგეტიკული ბირჟის პირველი წელი, როგორც მოსალოდნელიც იყო არ იყო აქტიური, გამომდინარე იქიდან, რომ პლატფორმაზე ვაჭრობა სავალდებულო არ არის და ელექტროენერგიის მყიდველები და გამყიდველები ბირჟის გარეთ გარიგებებს არჩევენ. 2024 წლის ბოლოს მდგომარეობით, ბირჟაზე 21 მონაწილეა რეგისტრირებული. მათგან 9 ელექტროენერგიის მწარმოებელია, 7 საბოლოო მომხმარებელი, 3 სისტემის ოპერატორი, 2 კი მიმწოდებელი. 2024 წელს ბირჟაზე ჯამურად ნავაჭრი რაოდენობა 17,490 მგვტ.სთ -ს შეადგენს, ხოლო საშუალო შეწონილი ფასი იყო 13.455 თეთრი/კვტ.სთ.
სემეკის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ გაზაფხულიდან ბირჟა უფრო გააქტიურდება, რა დროსაც ქვეყანა გაცილებით ჭარბ და იაფ ენერგიას გამოიმუშავებს. დავით ნარმანია არ ფლობს ინფორმაციას, რა ფორმით დაიწყებს ბირჟა 1 ივლისიდან ოპერირებას და ვისთვის გახდება ბირჟაზე ვაჭრობა სავალდებულო, თუმცა მისი ვარაუდით, პირველ რიგში ეს მსხვილი მომხმარებლები იქნებიან.
“დღეს ბირჟაზე ვაჭრობა ნებაყოფლობითია. კომპანიები, რომლებიც დარეგისტრირდნენ და ივაჭრეს შეღავათები ნახეს. ჩვენს მიერ გაკეთებული ანალიტიკის მიხედვით, დაახლოებით 300 000 ლარამდე დაზოგეს კომპანიებმა ბირჟის მეშვეობით ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ბირჟა არის საინტერესო. ვვარაუდობ, რომ გაზაფხულიდან მეტი დარეგისტრირდება, როცა იქნება ჩვენთან უფრო იაფი და ჭარბი ენერგია. ის, თუ სრულად როდის გაიხსნება და როდის გადავალთ ახალ მოდელზე, არის მთავრობის გადასაწყვეტი.
ბირჟაზე ვაჭრობა პირველ რიგში სავალდებულო იქნება მსხვილი მომხმარებლებისთვის. მათ მოტივაციაც გააჩნიათ, რომ უფრო იაფი ენერგია ნახონ ბირჟის მეშვეობით. ბევრმა არ იცის ჯერჯერობით ბირჟის ფასი და ის სარგებელი, რაც მათ შეიძლება მიიღონ. რადგან ჯერ კიდევ ენერგოდეფიციტური ქვეყანა ვართ, ურჩევნიათ ჰქონდეთ გარანტირებულად პირდაპირი კონტრაქტების მეშვეობით ენერგია, თუნდაც ცოტათი უფრო ძვირად, ვიდრე ეს ბაზარზე იქნება, მაგრამ იყვნენ მშვიდად“,- აცხადებს დავით ნარმანია.
საბოლოოდ რა მოდელით გააგრძელებს 1 ივლისიდან ენერგეტიკული ბირჟა მუშაობას, მთავრობას გადაწყვეტილება ჯერ ამაზე მიღებული არ აქვს. ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ bm.ge-სთან განაცხადა, რომ მუშაობა ეკონომიკის სამინისტროსთან ოპტიმალური მოდელის შემუშავებაზე მიმდინარეობს. მათი სურვილია, რომ ვადამ არ გადაიწიოს და პირველ ივლისს გაიხსნას საბალანსო ბაზარი, თუმცა შესაძლებელია, რომ ბაზარზე სავალდებულო მონაწილეობის პრინციპი გადაიხედოს.