„ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის მოვალეობაა, ევროკავშირის პოზიციის წარმოდგენა. ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან და ამას გავაგრძელებ მომავალშიც“ – პაველ ჰერჩინსკი
ვისურვებდი, შემექო საქართველოს ხელისუფლება რეფორმებისთვის, ვისურვებდი, მესაუბრა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დადებითზე, მაგრამ, სამწუხაროდ, როდესაც საქმე ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ჩვენ ამჟამად უმდაბლეს ნიშნულზე ვიმყოფებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის მოვალეობაა, ევროკავშირის პოზიციის წარმოდგენა. ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან და ამას გავაგრძელებ მომავალშიც. ვისურვებდი, შემექო ხელისუფლება რეფორმებისთვის, ვისურვებდი, მესაუბრა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დადებითზე, მაგრამ, სამწუხაროდ, როდესაც საქმე ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ჩვენ ამჟამად უმდაბლეს ნიშნულზე ვიმყოფებით. აღარ არის მაღალი დონის ვიზიტები, შევაჩერეთ მთავრობის ფინანსური დახმარება, შემოვიღეთ სავიზო შეზღუდვები დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და ვამისამართებთ ჩვენს მხარდაჭერას მთავრობიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერისკენ, რომელსაც მზარდად რთულ პირობებში უწევთ მუშაობა“, – აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, მისი, როგორც ევროკავშირის ელჩის როლია, საზოგადოებას გააცნოს, რა მდგომარეობაშია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა.
„ვისურვებდი, სხვა ადგილას ვყოფილიყავით, თუმცა ყველამ იცის, რომ სიტუაცია უკიდურესად რთულია.
ევროკავშირმა 2023 წლის დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, გაეღო კარი საქართველოსთვის. მას უნდა განეხორციელებინა რეფორმები. როგორც ვხედავთ, ამ რეფორმების უმრავლესობა არ ხორციელდება, პირიქით, იდგმება ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან კი არ აახლოებს, არამედ აშორებს მას. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს არის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით არსებული მდგომარეობა“, – აღნიშნა ელჩმა.
