იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ძველ კორპუსებში ბინების გაყიდვები 29%-ით შემცირდა, ხოლო ახალ კორპუსებში, დაახლოებით, იგივე მაჩვენებლებია, – ამის შესახებ Colliers Georgia-ს კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელმა ლეო ჩიქავამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ჯამში, იანვარში უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 7.5%-ით შემცირდა.
“დეკემბერში დაწყებული პოლიტიკური კრიზისი იწვევს იმას, რომ ადამიანებს საკუთარ თავზე ფინანსური ვალდებულებების აღება უჭირთ. სწორედ ამ მიზეზის გამო, ტრანზაქციების რაოდენობა შემცირებულია. რაც შეეხება ფასებს – ამ ეტაპზე, ფასები ჯერ კიდევ მზარდია, პოლიტიკური კრიზისის ასახვა სწრაფად არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ იანვარში ტრანზაქციების რაოდენობა შემცირდა, ამ ეტაპზე, მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას. ბაზარზე მშენებლობების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, თუმცა ფასები ჯერ კიდევ მზარდია ყველა მიმართულებით – როგორც მშენებარე, ისე ძველ კორპუსებში”, – აცხადებს ლეო ჩიქავა.
მანვე აღნიშნა, რომ ყველაზე მეტი ბინა საბურთალოზე, დიდ დიღომში და სამგორში იყიდება, ხოლო ფასების კუთხით, ამ შემთხვევაში მაღალი ფასებით ვაკე და მთაწმინდა ლიდერობს.
