ინვესტორები, ქვეყანაში შემოსვლამდე, დემოკრატიის ინდექსს ყურადღებით ეცნობიან – ფინანსისტი (bm.ge)

ფინანსისტი არჩილ იაკობაშვილი The Economist-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ინვესტორები ყურადღებით ეცნობიან მსგავს ინდექსებს იქამდე, სანამ ქვეყანაში ინვესტირების გადაწყვეტილებას მიიღებენ.
საქმე იმაშია, რომ The Economist-ის 2024 წლის დემოკრატიის ინდექსში საქართველომ ყველაზე მკვეთრი ვარდნა განიცადა, რაც ინდექსში ყოფნის პერიოდში საქართველოს ჰქონია. საქართველოს ქულა 0.51-ით, 4.70-მდე გაუარესდა, შედეგად ქვეყანამ 2023 წელს არსებული 89-ე ადგილიდან 94-ე ადგილამდე გადაინაცვლა.
არჩილ იაკობაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ინდექსი ყველა ინვესტორისთვის მარტივად ხელმისაწვდომია და ანალოგიურ კვლევებს სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციებიც აწარმოებენ და აღნიშნული კვლევებიც საქართველოში დემოკრატიის თვალსაზრისით ვითარების გაუარესებაზე მიუთითებენ.
“The EIU DEMINDEX არ არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ასაჯაროებს რეპორტს. აგრეთვე საჯაროა Freedom House და International Civic მსგავსი ანგარიშები ქვეყნების პოლიტიკური რისკების შესახებ.
აღსანიშნია, რომ ბლუმბერგის ტერმინალი სწორედ The EIU DEMINDEX აქვეყნებს „Country Risk Analysis“ ფუნქციაში, რომელიც ხელმისაწვდომია ტერმინალის ნებისმიერი მომხმარებლისთვის – ე.ი. მაგალითად, როდესაც საერთაშორისო ინვესტორს სურს საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციის შეძენა, ტერმინალშივე შეუძლია ნახოს რიცხვებში გამოსახული ინფორმაცია საქართველოს პოლიტიკური რისკების შესახებ და გაითვალისწინოს საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
აგრეთვე, ოთხი წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი Goldman Sachs, Morgan Stanley, JP Morgan, Bank of America ქმნის მსგავს რეპორტებს Country Risks შესახებ, მაგრამ მათი პროდუქტები არის კომერციალიზებული, წვდომის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი საფასურის გადახდის საფუძველზე (მერყეობს 300-400 ათასი დოლარის ფარგლებში) და მათი რეპორტების ძირითად მომხმარებლებს მათივე მსხვილი კლიენტები წარმოადგენენ,”- აღნიშნავს არჩილ იაკობაშვილი.
bm.ge